დახურვა
სტილი
21.01.2023

ასტროლოგი - რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ტენდენციების შესახებ წერს, რაც შესაძლოა შავი მთვარის ლომის ზოდიაქოში გადასვლისას მოხდეს.

მისი თქმით, მოიმატებს ეგოიზმი, გაძლიერდება აზარტულობა და მოსალოდნელია ფატალური შეცდომები.

„8 იანვარს შავი მთვარე (რომელსაც მეორე სახელი ლილიტი ეწოდება) ლომის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 3 ოქტომბრამდე დარჩება.

ლილიტი - ებრაულ მითოლოგიაში ადამის პირველ ცოლად ითვლება. მითის თანახმად, ის დაშორდა ადამს და მაცდუნებელ ეშმაკად გადაიქცა. კარმულ ასტროლოგიაში ლილიტი ფიქტიური პლანეტაა. მიჩნეულია, რომ ის ადამიანის „წინა ცხოვრებაში" დაგროვილი კარმული ვალია, რომელიც ადამიანს „ამ ცხოვრებაში" სასჯელად ევლინება. ეს არის ადამიანში ნეგატიური საწყისი, მისი სუსტი წერტილი, სადაც შესაძლებელია იოლად ცდუნდეს და „ზღვარს გადავიდეს".

უნდა ითქვას, რომ ასტროლოგიაში ნაკლებად ჩახედული ადამიანები ხშირად ცდებიან, როდესაც შავი მთვარეს (ლილიტს) იმაზე მეტს ნეგატივს „აწერენ" ვიდრე სინამდვილეშია. შავი მთვარე (ლილიტი) ფიზიკურად არ არსებობს.

რეალურად, ლილიტი - მთვარის ორბიტის აპოგეა გახლავთ. დასავლურ (კლასიკურ) ასტროლოგიაში მიჩნეულია, რომ ფიქტიურ პლანეტას, რომელსაც ფიზიკური სხეული არ გააჩნია, არ შეიძლება ფიზიკურ ციურ სხეულზე მეტი გავლენა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მისდამი ასტროლოგიური შიში ხშირად გადაჭარბებულია.

სხვათა შორის, შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს, რომ ასტროლოგიაში არსებობს ორი ტიპის შავი მთვარე - საშუალო (ლილიტი) და ჭეშმარიტი (დრუჯი). ჩვენ ამჟამად, ვსაუბრობთ პირველზე, რომლის ციკლი ერთ ზოდიაქოს ნიშანში არის დაახლოებით 9 თვე, ხოლო მთლიან ზოდიაქოს წრის გარშემოვლას დაახლოებით 9 წელი ანდომებს.

რაც შეეხება მის ინგრესიას ლომის ნიშანში. ლომს ასტროლოგიურად მზე მართავს. აქედან გამომდინარე ამ პერიოდში ლილიტის სიგნიფიკატორი (მმართველი) მზე ხდება. მზე - ეს არის „მე", ეგო. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში წინ წამოიწევს ლომის (მზის) ნეგატიური გავლენა, რაც გამოიხატება გაძლიერებულ ეგოიზმში, „მეს" განსაკუთრებულ შეგრძნებაში, ზღვარგადასულ სიამაყესა და ამპარტავნებაში. ადამიანში გაძლიერდება საკუთარი ღირსების განსაკუთრებული განცდა, რამაც მოსალოდნელია გარკვეულ დონეზე შექმნას განდიდების მანია და ამის ნიადაგზე წარმოშვას კონფლიქტები. ეს ჰგავს „ნაპოლეონის სინდრომს", როდესაც ადამიანს უჩნდებათ იმის განცდა, რომ ის განსაკუთრებულია და სამყარო მასთან ვალშია.

ლილიტის ლომში ინგრესიის დროს, ადამიანები განსაკუთრებით სუბიექტურები და და ეგოისტურები ხდებიან. გარშემო ვერაფერს ამჩნევენ, გარდა საკუთარი თავისა, პერსონისა და მიღწევებისა. ბევრი ადამიანი სამყაროს ცენტრად აღიქვამს თავს.

ლომის ზოდიაქო სიმბოლურად მე-5 ასტროლოგიურ სახლს მართავს, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია პრობლემების შექმნა ლუდომანიის კუთხით. ადამიანებში გაძლიერდება აზარტულობა და ეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ლუდომანიისკენ აქვთ მიდრეკილება, მოსალოდნელია ფატალური შეცდომები დაუშვან.

გარდა ამისა, ეს შესაძლოა იყოს სასიყვარულო თემით აპელირება და სპეკულაციები სიყვარულში. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ზედმეტი ეგოიზმის გამო მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემები დაიწყოს.

ასევე ეს უკავშირდება უმიზნო გართობას და საკუთარი რესურსების ფლანგვას, გადაჭარბებულ „შოპინგს" და ბევრი ისეთი ნივთის შეძენას, რასაც ადამიანი პრაქტიკულად არ გამოიყენებს.

ცხადია, ყურადღებას ითხოვს ბავშვების სფერო, მშობლები მათთან მიმართებით მაქსიმალურად ყურადღებიანი და მზრუნველები უნდა იყვნენ, რადგან აქ დაშვებული შეცდომები მოსალოდნელია მომენტალურად და საკმაოდ მტკივნეული კუთხით გამოვლინდეს.

ლილიტის გავლენა თუ ადამიანს პირადი ჰოროსკოპში აქვს:

* მზე ლომში: ყურადღებას ითხოვს საკუთარი ხედვები, მიზნები და გეგმები. საჭიროა ფრთხილი მიდგომები და ამ მიმართულებით წინდახედული ცვლილებები. მაქსიმალიზმი გამართლებული არ იქნება. ყურადღებას ითხოვს ვიტალურობა, ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფრთხილად უნდა იქნეს მიღებული:

* მთვარე - ლომში: ადამიანს პრობლემები უჩნდება ემოციებთან მიმართებაში. რთულად ვლინდება ემოცია. ხშირად ადამიანის ემოციები გარშემომყოფთათვის გაუგებარია. მოსალოდნელია თავი იჩინოს ფსიქოსომატურმა დაავადებებმა. პრობლემები ჩნდება ოჯახურ ცხოვრებაში.

* მერკური - ლომში: მოიმატებს ნერვული დაძაბულობა. აზრები, სიტყვები, კავშირები, მოლაპარაკებები - ამ კუთხით იმატებს შეცდომების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს გზაზე გადაადგილების მომენტი. ასევე ნათესავებთან, კავშირებთან და ინფორმაციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.

* ვენერა - ლომში: შეცდომების ალბათობა მატულობს სიყვარულის გამოვლენაში, პირად ცხოვრებაში. მოსალოდნელია ფატალური სასიყვარულო ურთიერთობა და ამ კუთხით შეცდომების დაშვება. ასევე ყურადღებას ითხოვს ფინანსური სფერო. მოსალოდნელია გართულდეს ურთიერთობები ქალებთან (მამაკაცების შემთხვევაში)

* მარსი - ლომში: შეჯახება აგრესიასთან და ძალადობასთან. იმატებს ტრავმის ალბათობა. თუ სამუშაო ცეცხლსასროლ იარაღს, ტექნიკას, ბასრ და მსხვრევად ნივთებს უკავშირდება, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა გართულდეს ურთიერთობები მამაკაცებთან (ქალების შემთხვევაში).

* იუპიტერი - ლომში: ყურადღებას ითხოვს რეპუტაციასთან და იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა სადავო საკითხი მაქსიმალურად სწორად უნდა იქნას განხილული. არ არის საჭირო ფუჭი იმედების გაცემა. ყურადღება სწავლის დაწყებისას და უცხოეთში მოგზაურობისას.

* სატურნი - ლომში: მოსალოდნელია გართულდეს ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან, ზემდგომ ორგანოებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან, ასევე გართულდეს წინსვლა პროფესიულ საქმეში, კარიერასთან მიმართებაში.

* ასცენდენტი - ლომში: იმატებს იმიჯის შელახვის ალბათობა. გარშემომყოფებმა მოსალოდნელია არც თუ კარგად აღიქვან თქვენი ქცევები, ამიტომ ურთიერთობებში მეტი მოთმინება, გულისხმიერება და ტაქტიანობა გამოიჩინეთ.

* ლილიტი - ლომში: ეს ლილიტის დაბრუნებაა, რომელიც ცხრა წელში ერთხელ ხდება. ხდება ბოლო ცხრა წლიანი პერიოდის შეჯამება. იყავით თვითკრიტიკული და ჯანსაღად შეაფასეთ განვლილი გზა. არ არის სასურველი მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ასტროლოგიურ სახლის სფეროებში, რომელშიც ნატალური ლილიტი მდებარეობს",- წერს ასტროლოგი.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×