დახურვა
სტილი
29.07.2021

მზისგან დამცავის გამოყენება ყველა სეზონზეა აუცილებელი, მნიშვნელობა არ აქვს გასარუჯად ეფიცხებით მზეს თუ, უბრალოდ, ქუჩაში გადაადგილდებით. ეს, თავიდან აგარიდებთ კანის ნაადრევ დაბერებას, ნაოჭებს, ლაქებს, პიგმენტაციას და სხვა სერიოზულ შედეგებსა და გამოვლინებებს.

მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე ძალიან ბევრი ბრენდის, სახეობის, SPF ფილტრისა და სხვა მახასიათებლების მზისგან დამცავი საშუალებები იყიდება. აუცილებელია იცოდეთ, როგორ აარჩიოთ ის თქვენი კანის ტიპის და მოთხოვნილებების მიხედვით.

მზისგან დამცავი საშუალებები

ზოგადად, SPF იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი და გვხვდება სხვადასხვა მაჩვენებლით 30, 50, 80 და ასე შემდეგ. ამიტომ, უნდა ერკვეოდეთ ზუსტად რამდენად გჭირდებათ ის მზისგან დამცავი საშუალება, რომლის ეტიკეტზეც გარკვეული მინიშნება წერია.

მაგალითად, SPF50 UVB სხივების 98 პროცენტს ფილტრავს, SPF20 კი 95 პროცენტს. აქედან გამომდინარე, SPF მაჩვენებელი უმნიშვნელო არაა, თუმცა არც გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანი მისი სწორად გამოყენებაა.

იმაშიც უნდა ერკვეოდეთ, თუ წასმიდან რამდენ ხანს გიცავთ პროდუქტი. ის დრო, სანამ თქვენი კანის ტიპის და ფერის მიხედვით, დამცავის გარეშე არ იწვება (ძალიან თეთრი ანუ ღია ფერის კანი – 5-10 წუთი, საშუალო ანუ ხორბლისფერი – 10-15 წუთი, მუქი ფერი ანუ ყავისფერი და შავი – 15-20 წუთი) გაამრავლეთ SPF მაჩვენებელზე. მაგალითად, თუ ძალიან თეთრ და ღია ფერის კანზე, რომელიც მზეზე დამცავის გარეშე 10 წუთზე უკვე დაწვას იწყებს, წაისმევთ SPF 50 მაჩვენებელს მიიღებთ 500 წუთს, ანუ პროდუქტი წასმიდან, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დაგიცავთ, თუ, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში შეხება არ გექნებათ წყალთან ან რაიმე ისეთ ზედაპირთან, რაც პროდუქტს მოგაშორებთ. ზღვაზე ან ღია აუზზე, ყოველ ჯერზე, როდესაც წყალში ჩახვალთ და ამოხვალთ, დამცავი ხელახლა უნდა წაისვათ.

ასევე, არსებობს ქიმიური და ფიზიკური, ანუ მინერალური, მზისგან დამცავი პროდუქტები. ქიმიური შეიცავს ქიმიურ, ხოლო ფიზიკური – ბუნებრივ ინგრედიენტებს. ქიმიური შემადგენლობის დამცავი კრემები შეიწოვენ კანის შრეში შემავალ UV სხივებს, რაც შემდგომ კანის ზედაპირის სიმხურვალით გამოიხატება, ასე თავისუფლდება შრეები. როგორც წესი, ქიმიური დამცავები უფრო მსუბუქი კონსისტენციისაა, მარტივად ნაწილდება და იწოვება კანში. გაითვალისწინეთ, რომ ქიმიურმა მზისგან დამცავმა, შესაძლოა, მგრძნობიარე კანი გააღიზიანოს.

რაც შეეხება ფიზიკურ მზისგან დამცავებს, მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კანზე სითეთრის დატოვებაა, რაც ინგრედიენტების გამოვლინებაა. ეს აქტიური მინერალები კანის ზედაპირზე ფიქსირდებიან, ისხლეტენ და ირეკლავენ UV სხივებს. ფიზიკურ მზისგან დამცავებს აქვთ უფრო მსუყე კონსისტენცია, წასმის შემდეგ მოქმედებენ მომენტალურად და რეკომენდებულია მგრძნობიარე და ღია ფერის კანისთვის.

აუცილებელია იცოდეთ, რომ SPF ფილტრი, რომელიც თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებს, მაგალითად, ტონალურს ან პუდრს აქვს, საკმარისი არ არის, რადგან მთავარი მზისგან დამცავი ფაქტორის კონცენტრაციაა, რომლის მისაღებად გარკვეული რაოდენობის პროდუქტის წასმაა საჭირო. შესაბამისად, არ იყოთ მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტების SPF დაცვის იმედზე.

მზისგან დამცავი უნდა წაისვათ მოვლის პროცედურებისა და დამატენიანებლის შემდეგ. თუ მაკიაჟსაც იკეთებთ, დაელოდეთ 4-5 წუთი, რომ კანმა კარგად შეიწოვოს და დაიწყეთ სხვა პროდუქტების გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×