დახურვა
სტილი
05.08.2021

8 აგვისტოს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება. ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, ეს მოვლენა ფინანსურ კრიზისებს შექმნის. მისივე თქმით, შედარებით მძიმე პერიოდი ექნებათ წყლის სტიქიის ნიშნებს სხვა დანარჩენისთვის კი პერიოდი ნეიტრალური იქნება.

„ახალმთვარეობა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 17:50 საათზე დადგება. ეს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოშია და ბუნებრივია, სწორედ ლომისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები გაძლიერდება - ენერგიულობა, ორგანიზებულობა, მიზანსწრაფვა, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, სიამაყე, სიჯიუტე და ამპარტავნება. ეს ჯერ კიდევ 22 ივლისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავიდა), თუმცა 8 აგვისტოდან ახალი ძალით გამოვლინდება და ყველა მიმართულებით საგრძნობი გახდება.

7-8 აგვისტო შედარებით რთული დღეები იქნება (ეს მთვარის 29-ე დღე და პირველი დღეებია), ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეხვედრა, მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა არასასურველია.

ეს ახალმთვარეობა ლომის მე-17 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ურთიერთწინააღმდეგობაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ადამიანებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ეს ურთიერთწინააღმდეგობა უპირველესად მენტალურ დონეზე იქნება საგრძნობი. ამ გრადუსს პლანეტა მერკური მართავს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მეტ-ნაკლებად მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რა გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებთ. ეს განსაკუთრებით კომუნიკაციას, საქმიან სფეროს, მოლაპარაკებას, მგზავრობა-მოგზაურობას ეხება.

*♌ ლომის და ასევე იმ ადამიანების (ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის მე-16, მე-17 და 18-ე აქტიური გრადუსი აქვთ) ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადახედონ საკუთარ წარსულს, გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, გამოასწორო შეცდომები და გამოავლინონ ახალი ინიციატივები.

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ♈ვერძებისთვის და ♐მშვილდოსნებისთვის. ეს პერიოდი მათ მოუტანთ ახალ ენერგიას და ძველი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო „ახალ ხედვას“.

* ♊ტყუპებისთვის და ♎სასწორებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებს გააჩენს. თუმცა მათ მოუწევთ პრიორიტეტის არჩევა და საკუთარი ძალისხმევის კონკრეტული პროექტებისკენ მიმართვა. რაც შეეხება მერწყულებს, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორთან შეთანხმების მიღწევა, სადავო საკითხებზე კომპრომისზე წასვლა და მოლაპარაკება. ეს კარგი დრო იქნება დასვენებისთვის და ფიზიკური თუ სულიერი ძალების აღდგენისთვის.

* მცირედით დისჰარმონიული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის -♉ კუროსთვის, ♍ქალწულისთვის და ♑თხის რქისთვის. მათ სასურველია ძველი პროექტების დასრულებისთვის იზრუნონ, გამოიზოგონ ფიზიკური ძალა, ემოცია და არ გადაიღალონ.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - ♋კირჩხიბისთვის, ♏მორიელისთვის და ♓თევზებისთვის. ისინი პირველ რიგში, საკუთარ ემოციურ სისტემას უნდა მოუფრთხილდნენ, მაქსიმალურად მოერიდონ ნეგატიური ინფორმაციის ნაკადს, კონფლიქტებს და დაპირისპირებას. არ არის სასურველი რისკზე წასვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×