დახურვა
სტილი
24.09.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 16 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.

გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რის გამოც ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტში უნდა მივიდნენ და მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დაარწმუნონ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სულ ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტი.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით „დელტა" შტამის არსებობის დროს, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისი არ არის.

„დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ სრულად: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×