დახურვა
სტილი
17.11.2021

დღეიდან უკვე შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ ინფორმაციას ასახავს. აპლიკაციას Georgia e-Health ჰქვია. ამის შესახებ გუშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"17 ნოემბრიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას." - თქვა მან.

ვის მოუწევს ახალი კოვიდ-პასპორტის აღება

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. თუ საზღვარგარეთ გეგმავთ მოგზაურობას, მაშინ 17 ნოემბრამდე გაცემული კოვიდ-პასპორტი უნდა განაახლოთ და ისე დარეგისტრირდეთ სისტემაში. ასევე, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, კონკრეტულ ქვეყანაში აღიარებენ თუ არა იმ ვაქცინას, რომელიც გაკეთებული გაქვთ.

როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, სხვა შემთხვევაში, კოვიდ-პასპორტის განახლება არ არის სავალდებულო.

როგორც იცით, პირველი დეკემბრიდან საქართველოში გარკვეულ ობიექტებზე ე.წ. "

მწვანე პასპორტის" გარეშე შესვლა აკრძალულია. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

სად იმოქმედებს ე.წ. "მწვანე პასპორტი"

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მობილურში ვერ ახერხებთ აპლიკაციის ჩამოტვირთვას

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, აიღოს შესაბამისი კოვიდ-პასპორტი, სადაც ასახული იქნება ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის მონაცემი და კონკრეტულ ობიექტებში ამ ფორმით წარადგინოს. იგივე ეხება სწრაფი და PCR ტესტის პასუხებსაც.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2021 by Stily. All rights reserved
×