დახურვა
სტილი
16.05.2022

საჯარო სკოლებში IV-IX კლასის მოსწავლეებისთვის მასწავლებლებმა დიაგნოსტიკური შეფასება უნდა გამოიყენონ. დიაგნოსტიკური შეფასება განხორციელდება ყველა საგანში, გარდა მეორე უცხოური ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა. როგორც განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ჯერჯერობით, სკოლებში დიაგნოსტიკური შეფასებები არ დაწყებულა და მასწავლებლებთან, რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. რა არის ამ დროისათვის ცნობილი, დეტალებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ:

"ჯერჯერობით, დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით ისევ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და დეტალები ზუსტდება. როგორც კი სიახლე იქნება, ინფორმაციას გავავრცელებთ. დიაგნოსტიკური შეფასება ჯერჯერობით სკოლებში

არ მიმდინარეობს და ის სემესტრის ბოლომდე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს არ ახდენს გავლენას არც წლიურ ნიშანზე და არც გამოცდის სახე აქვს. ეს არის შეფასება, რომელიც მასწავლებლისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა შეძლოს და დააკვირდეს, ვის რომელ კომპონენტში აქვს პრობლემა, რომ მომავალი სასწავლო წელი სწორად დაგეგმოს. დავალებების ნიმუშებს სამინისტრო აძლევს, თუმცა მასწავლებლები, რა თქმა უნდა, საგნის ფარგლებში, ინდივიდუალურად შეადგენენ სადიაგნოსტიკო შეფასებისთვის განკუთვნილ სავარჯიშოებს. ეს იქნება კომპლექსური ტიპის დავალება. დავალებებს სახლში შესასრულებლად არ გაატანენ, თუმცა დეტალები კიდევ ზუსტდება." - გვითხრა განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფმა.

აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური შეფასება აღნიშნულ კლასებში ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო კერძო სკოლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, გამოიყენებენ თუ არა ამ ფორმას.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×