დახურვა
სტილი
22.06.2022

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის გადადება ხდება ინფიცირებული ადამიანის კანთან უშუალო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეების საშუალებით, ან დაინფიცირებულების ტანისამოსის გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, ზაზა წერეთელი ამბობს, რომ გადადების მასშტაბი გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს, მაგალითად, კორონავირუსის შემთხვევაშია.

„გადადებისთვის აუცილებელია ძალიან მჭიდრო კონტაქტი. დაზიანებულ კანთან როცა მოხდება მეორე ადამიანის კანის შეხება ან შეიძლება დაინფიცირება მოხდეს თუ ამ დაზიანებული ხელით შეეხეთ იმ ადამიანის ტანსაცმელს, რომელსაც დაზიანებული კანი ეხებოდა. სქესობრივ კავშირზე იმიტომ საუბრობენ, რადგან კანის კანთან შეხებაა. იტალიაში რამდენიმე პაციენტის სპერმაში აღმოაჩინეს ეს ვირუსი და ამიტომაც არის ლაპარაკი, როგორც შიდსი, ხომ არ გადაეცემა სქესობრივი გზით.

აფრიკაში ძირითადად ცხოველიდან ადამიანზე გადადიოდა, იშვიათად ადამიანიდან ადამიანზე. შემთხვევების 90% გადასულია ადამიანიდან ადამიანზე სქესობრივი კავშირის შემდეგ. ამიტომაც არის, რომ შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით, 90% არის ახალგაზრდა მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ მამაკაცებთან“, – ამბობს ზაზა წერეთელი და აქვე, დასძენს, რომ ვირუსით შესაძლოა ყველა დაინფიცირდეს, თუმცა ამ მომენტში ამ შემთხვევათა დიდი რაოდენობა სწორედ ახალგაზრდა მამაკაცებში ხვდება.

ზაზა წერეთლის განცხადებით, მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებისას კლინიკური მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია. ინკუბაციის პერიოდი კი 21 დღემდეა – „ანუ შემთხვევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, დაახლოებით, 21 დღის წინ მოხდა ამ ადამიანების დაინფიცირება. ამ 21 დღის განმავლობაში რა მოხდა, ეს ადამიანების როგორ იქცეოდნენ, იყო თუ არა სხვა კონტაქტები იწვევს იმის ვარაუდს, რომ ალბათ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ჩვენ პანდემიას არ უნდა ველოდოთ, ეს არ არის ისეთი დაავადება, როგორიც კოვიდი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა, მაგრამ შემთხვევები გაჩნდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო დაფიქსირებული.

შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ეს შემთხვევები გადავიდეს ადამიანიდან ცხოველზე. ამ ცხოველებში შესაძლოა შეიქმნას ამ ვირუსის რეზერვუარი, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი განვითარდეს. როგორ განვითარდება ეს ძნელი სათქმელია. აი, ეს არის პრობლემა, რამაც გამოიწვია”, – თქვა მან.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი აცხადებს, რომ მასობრივი ვაქცინაცია თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონტაქტებისა ან რის-ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრაზე.

“მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის იგივე ჯგუფიდან, როგორც ყვავილი და შესაბამისად, ამიტომაც არის პირველი ვარაუდი, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა იმუშავებს ამ ვირუსის წინააღმდეგაც. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში შეწყდა 80-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყვავილი გახდა პირველი დაავადება, რომელიც აღმოიფხვრა და მთელმა მსოფლიომ მაშინვე შეწყვიტა ვაქცინაცია, თუმცა ვაქცინები მაინც შენახული იყო.

რის-ჯგუფში შედიან ექიმები, რომლებიც სინჯავენ ამ პაციენტებს, ასევე, შედიან ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანები და ისინი, ვისაც ჰქონდათ ახლო კონტაქტი, მაგალითად, სქესობრივი კავშირი თუ ჰქონდათ, ის კონტაქტი, ვისთანაც ჰქონდა კავშირი. მხოლოდ ეს ჯგუფი შედის ვაქცინაციის სამიზნე კატეგორიაში. თანაც, კონტაქტიდან პირველი 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ აიცრათ. ასე, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე ლაპარაკი არ არის.

ახლა უბრალოდ მეცნიერები ვარაუდობენ, იმის გამო, რომ მეცნიერება წინ წავიდა, ახალი ტიპის ვაქცინები გვაქვს, ყვავილის ვაქცინებიც ეფექტური იქნება მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, მაგრამ პროცენტები ძალიან ძნელი სათქმელი, ამიტომ ახლა მსჯელობენ სასწრაფოდ დაიწყონ კლინიკური კვლევები. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვაქცინას, ეს კიდევ ახალი ვაქცინაა, რომელსაც სჭირდება კლინიკური კვლევები. ევროკავშირმა კი დაიწყო შესყიდვა ამ ვაქცინების, მაგრამ ახლა დაჩქარებული ტემპით ცდილობს ამ კვლევების ჩატარებას”, – აღნიშნა წერეთელმა.

მისივე განცხადებით, დღეს ვაქცინაცია დაიწყო აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში, იმ ქვეყნებში, სადაც შემთხვევათა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. თუმცა, ის დასძენს, რომ ეფექტურობასთან დაკავშირებით ახლა საუბარი ცოტა რთულია , ვინაიდან რამდენიმე კვირაა გასული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×