დახურვა
სტილი
14.07.2021

2019 წლის აპრილში ჟურნალისტ სალომე გველესიანს და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ მევლუდ მელაძეს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. ავტომანქანა, რომელიც საოცარი სისწრაფით მიქროდა და 13 წლის ბიჭი მართავდა, ხეს შეასკდა. ნიკუშა ჯორჯაძე უკანა სავარძელზე, მარჯვნივ იჯდა. ეს ის ადგილია, რომელიც მანქანაში ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. ეს ნიკუშასაც ასწავლა მისმა მამობილმა, ტიტულოვანმა ავტომრბოლელმა, მევლუდ მელაძემ, მაგრამ სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა ბიჭისთვის საბედისწერო. ნიკუშა ადგილზევე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი 15 წლის მოზარდი რამდენიმე დღეში დაიღუპა, წინ მსხდომები, 13 და 14 წლის ბიჭები კი უვნებლები გადარჩნენ.

ნიკუშა ჯორჯაძე იყო სალომეს შვილი პირველი ქორწინებიდან. ბავშვის გაჩენიდან მას მალევე ქმარი ტრაგიკულად დაეღუპა. გარკვეული ხნის შემდეგ ავტომრბოლელთან ინტერვიუზე მივიდა და მის ცხოვრებაში ლამაზი რომანიც დაიწყო.

როგორც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძე იხსენებს, ნიკუშა 3 წლისაც არ იყო და საკუთარი შვილებისგან არასდროს განუსხვავებია.

"პირიქით, უფრო მეტადაც ვაქცევდი ყურადღებას. არ მინდოდა, ოდნავი ხინჯი მაინც ჰქონოდა გულში, ამიტომ პირველი ნიკა იყო ჩვენს ოჯახში. თავადაც ძალიან კარგი ბიჭი იყო, როგორც ადამიანი. გარშემო არავინ ჰყავდა, ვინც შეიძლებოდა მასზე ოდნავ მაინც ყოფილიყო ნაწყენი.

ნიკასთან ვსაუბრობდი ხშირად უსაფრთხოების საკითხებზე და იცოდა, რომ, როცა საფრთხეს შეიცავდა მანქანით მგზავრობა, უკანა მარჯვენა სავარძელი იყო ყველაზე საიმედო. იმ დღეს დიდი ალბათობით იცოდა, რომ მაღალი სიჩქარით წავიდოდნენ, ამიტომაც ამოარჩია ადგილი, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა. შეიძლება სხვები შემთხვევით დასხდნენ გარკვეულ ადგილებზე, მაგრამ ამან იცოდა, სადაც ჯდებოდა, წინასწარვე შეარჩია. როგორც ჩანს, თავის დაცვა სცადა, მაგრამ იმის გათვლა, რომ მართვას დაკარგავდა საჭესთან მჯდომი, შემოტრიალდებოდა მანქანა და ხეს დაეჯახებოდა...

ავედი იმ ადგილზე და ვნახე, რა და როგორ მოხდა, როგორი კვალი იყო და რა სიჩქარით მიდიოდნენ. ზუსტად ვიცი, რომ 200 კილომეტრზე მაღალი იყო სიჩქარე. ლისის ტბიდან ზემოთ, წოდორეთის გზაზე სწორი გზაა თითქოს და საფრთხე არ გემუქრება, სანამ 200 კმ/სთ-ს არ გადააჭარბებ სიჩქარეს. ასეთ დროს პროფესიონალებისთვისაც კი რთულია მართვა, არამცთუ 13 წლის ბავშვისთვის...

ნიკუშას მამას მანქანა დაეჯახა. ქუჩაზე გადადიოდა და დაიღუპა. არც ის იყო დამნაშავე. ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, სამსახურში რომ გავიდა და მერე ჩემთან მოიყვანა ბედმა ინტერვიუზე... განმეორებითობასავითაა - ავტომობილი-სიკვდილი, მერე კიდევ ავტომობილი-სიკვდილი... ნაღმიც კი არ ვარდება ერთსა და იმავე ადგილას და სალომეს შემთხვევაში ორი ტრაგედია თითქმის ერთნაირად მოხდა", - განუცხადა "სარკეს" მევლუდ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×