დახურვა
სტილი
21.02.2023

23-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა და მეხანძრე-მაშველებმა მიწის მასიდან მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს. უკვე მოხდა დაღუპულის იდენტიფიცირება, იგი ადგილობრივი, 43 წლის გელა ლიპარტელიანია, რომელიც სოფლის საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ახლობელთან მიდიოდა, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილებისას კი კლდიდან ჩამოიშალა მიწის მასა, რომელმაც ავტომობილი მოიყოლა და მდინარის ნაპირამდე ჩაიტანა. სწორედ იქ მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას, მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე ეხმაურება და წერს:

"ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე - ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო - მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა - აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.

ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი - დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს. ზვავმა მოიყოლა მანქანით", - დაწერა ნანა აკობიძემ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×