დახურვა
სტილი
05.11.2021

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" უცვლელი მონაწილეები არიან და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებენ. მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project", სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან. ოთოსა და ჯულიანას ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ოთო ფოლადაშვილსა და ჯულიანა ბარგნართან ინტერვიუ „ფორტუნამ" ჩაწერა. წყვილმა ერთმანეთთან ურთიერთობასა და კარიერაზე ისაუბრა:

ოთო ფოლადაშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი გაიხსენა: „პირველ სეზონზე 17 წლის ვიყავი. შესაბამისად, ამ პროექტთან ერთად გავიზარდე და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მან მომცა, პირველ რიგში, ხალხის სიყვარული, რომელიც დღემდე მომყვება. არ ვიცი, რითი გადავუხადო და დავუბრუნო საზოგადოებას ეს სიყვარული და სითბო. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველ ჯერზე ისეთი ცეკვები შევასრულო, რითაც მაყურებელს სიამოვნებას მივანიჭებ.

ოთო ფოლადაშვილი აღნიშნავს, რომ მას „ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველა სეზონზე გამორჩეული მეწყვილე ხვდება: „ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი და ამას გულწრფელად ვამბობ. ძალიან იღბლიანი ვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ მუდამ გამორჩეული მეწყვილეები მხვდებიან პარტნიორებად. თამამად ვიტყვი, რომ ყველა სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი გოგონა ჩემთან ცეკვავდა." - აღნიშნავს ის, ხოლო ჯულიანა ამბობს, რომ ოთოს საუკეთესო პარტნიორი თავადაა: „მე ვარ მისი ყველაზე დიდი იღბალი (იცინიან). მე და ოთო ამდენი წელია, ერთად იმიტომ მოვდივართ, რომ ერთი მიზანი გვაქვს - ორივე ჩვენგანი მაქსიმალისტია. ორივე ჩვენგანი დიდი ხანია, ამ პროექტში ვართ და გამოცდილება თავისას შვრება. ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი ვარსკვლავი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ნომერი იყოს ეფექტური და რას - არა, რადგან აზრი არა აქვს და დროს ტყუილად დავკარგავთ. კარგი შედეგისთვის ეს ყველაფერი აუცილებელია."

წყვილმა საკუთარ ურთიერთობაზეც ისაუბრა, ჯულიანამ აღნიშნა, რომ მათ საერთო მიზნები, თუმცა განსხვავებული ხასიათი აქვთ: „მიზნები გვაქვს ერთი, მაგრამ ხასიათით ძალიან განსხვავებულები ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არ მომწონს, პირიქით. მე და ოთო 12 წელია, მეწყვილეები ვართ. ამ წლების განმავლობაში ოთოსგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და ვსწავლობ დღემდე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობებზე მაგარი არაფერია. რაც უფრო საინტერესო ადამიანთან ურთიერთობ, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება. ძალიან გამიმართლა, რადგან ოთო არა მარტო ფიზიკურად არის ძლიერი ადამიანი, არამედ ხასიათითაც, ის შემდგარი მამაკაცია". ხოლო ოთომ თქვა, რომ, მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა, ისინი იშვიათად ჩხუბობენ: „ვერ ვიტყვი, რომ მე და ჯულიანა ხშირად ვჩხუბობთ... ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთად ბევრი რამ გადავიარეთ, უამრავი სირთულე. 16 წლის ვიყავი, როცა ჯულიანასთან მეწყვილედ დავდექი და იქიდან მოყოლებული კარგად მახსოვს ჯულის შემართება, რადგან პირველივე წელს გავხდით ყველა ტურნირის გამარჯვებული. იმ წლიდან რომ დავიწყეთ მოგებები, თამასა ქვევით არ ჩამოგვიწევია. ისე ჩამოვყალიბდით ერთმანეთის გვერდით, რომ ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ - ერთმანეთის გატანა და გუნდურობა. ძალიან რთულია ცალკე წარმატების მიღწევა, გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, ჩვენს ცეკვებში, როცა წყვილი ფასდება და არა ერთი რომელიმე მოცეკვავე. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს დახარჯული ამაში. ასე რომ, ძალიან გამიმართლა, რომ ჯული ამდენი ხანია, ჩემი მეწყვილეა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×