მის წინაშე ქედს იხრიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები, მის ხელოვნებას ეთაყვანებოდნენ, ესტრადის ვარსკვლავებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ დღეს მოსკოვთან აღარაფერი აკავშირებს და არც ენატრება. ამბობს, რომ ვერ გაძლებს იქ, სადაც სიყვარული არ იქნება, მუდმივად ცხოვრება კი თბილისის გარდა ვერსად წარმოუდგენია. "კვირის პალიტრას" ქართული სცენის დედოფალი, ნანი ბრეგვაძე ესაუბრა.
"არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას~ კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!" - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.