დახურვა
სტილი
31.05.2023

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე ტელეკომპანია „ფორმულას" გადაცემაში „დროება", ოჯახსა და კარიერაზე საუბრობს.

მამუკა გორგოძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კარიერის დასაწყისში აღმოჩნდა და თქვა, რომ მის წარმატებაში მეუღლეს - ციცი ბოხუას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც მას მადლობას უხდის.

მამუკა გორგოძემ მეუღლე მეგობრის ქორწილში გაიცნო და მასზე 8 თვეში იქორწინა, თვითონ 18 წლის იყო, ციცი - 16-ის. წყვილს 3 შვილი ჰყავს - 18 წლის ლიზი, 15 წლის ნიკოლოზი და 5 წლის ბერო.

„თავიდან რომ წავედი [საზღვარგარეთ] მეუღლე ვერ წავიყვანე. საბუთების გამო, დაახლოებით 9 თვე მარტო ყოფნა მომიწია, მაშინ ერთი შვილი გვყავდა, თავიდან ვერც ბავშვი წავიყვანე. შემდეგ ვიზა გავაკეთე და მათთან ერთად უკვე ძალიან გამიადვილდა.

მეუღლე ძალიან დამიდგა გვერდში, ყველაფერში მეხმარებოდა, მისთვის უფრო რთული იყო, რადგან მე გავდიოდი, ნახევარი დღე ვარჯიშზე ვიყავი, მოვდიოდი, ვისვენებდი, მან კი ენაც არ იცოდა. შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა...

ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ერთად გავიზარდეთ, რომ წავედი, მალევე წამოვიდა, თავიდან არც მე ვთამაშობდი და ადგილი მეც დასამკვიდრებელი მქონდა.

ყველანაირად ხელს მიწყობდა, სახლში გაბრაზებული რომ მოვდიოდი, ყველანაირად მანუგეშებდა, მეუბნებოდა: „გამოგივაო". მე ამბიციებით ჩავედი და თავიდანვე რომ არ იყო [წარმატება], ყველანაირად გვერდში მედგა. მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ძალიან პატარა იყო, არანაირი კაპრიზები და პრეტენზიები.

ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში - მინდა, მადლობა გადავუხადო", - ამბობს მამუკა გორგოძე.

ყოფილი მორაგბე ასევე საუბრობს, თუ რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება სპორტსმენებს:

„სპორტსმენობა ძალიან სარისკოა, მთელი ცხოვრება უნდა გადადო, სწავლას ისე ვეღარ ახერხებ - ვინმემ არ მითხრას, რომ პროფესიონალი სპორტი და სწავლა, ორივე ერთად, უმაღლეს დონეზე შესაძლებელია - თითქმის შეუძლებელია, ალბათ ერთეულებს თუ შეუძლიათ.

შეიძლება ისწავლო, გიჭირდეს, მაგრამ ტრავმა არ მოგივა, შენი ცოდნა დაგრჩება, აქ კი შეიძლება თავი გადადო, მაქსიმალურად დაიხარჯო, დღეში 4-ჯერ, 5-ჯერ ივარჯიშო, მაგრამ ისეთი ტრავმა მოგივიდეს, სპორტი ვეღარ გააგრძელო. არც სწავლა გრჩება, არც სპორტი", - ამბობს მამუკა გორგოძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×