დახურვა
სტილი
10.09.2021

"დედაჩემი ძალიან დიდ დროს უთმობდა შვილების აღზრდას, გვარიგებდა, გვეუბნებოდა, რა იყო სწორი და რა

არასწორი. აფორიზმებს, ანდაზებს, იგავ-აგარაკებს იშველიებდა ამის ასახსნელად. ერთი სიტყვით, მართლაც დიდი ენერგია ჩადო ჩვენს აღზრდა-ჩამოყალიბებაში. ყოველთვის მაგალითს გვაძლევდა და კარგის ცუდისგან გარჩევას არა მხოლოდ შეგონებებით, არამედ თავისი საქციელით გვასწავლიდა. საკუთარი მაგალითით აღზარდო შვილები, ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა ის საუბარი და რჩევა-დარიგებებიც ილექება ქვეცნობიერში და საჭირო დროს გახსენებს თავს.

ძალიან გაგიმართლებს, თუ იპოვი სანდო და გულწრფელ მეგობარს, რომელიც მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება. იდეალური და მშვიდი ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, სუფთა სინდისი აუცილებელია, რადგან დამძიმებული სინდისით ძილიც კი გაგიჭირდება ადამიანს, არათუ სიცოცხლე. დაბოლოს, წიგნები, რომლებიც ყველაზე კარგ მეგობრად და განტვირთვის საუკეთესო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა ბევრ რამესაც დავამატებდი ამ ჩამონათვალს, ჩემს შემთხვევაში კი იდეალური ცხოვრებისთვის აუცილებელია კონცერტები და ხალხთან ურთიერთობა.

ადამიანებს თუ სურვილი აქვთ ილაპარაკონ შენზე ან ცუდი, ან კარგი, მაინც იტყვიან, შენ კი მიზანს იმის გამო არ უნდა ასცდე, ვინ რას იტყვის. სწორი მიდგომა ესაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რას იტყვიან ჩემზე. განვიცდი, როდესაც ჩემზე დაუმსახურებლად ამბობენ რამეს. დროთა განმავლობაში ეგუები ამ ყველაფერს.

საბოდიშოდ არ უნდა გაიხადო საქმეო, დედამ იცის ხოლმე თქმა. სიტყვა მნიშვნელოვანია, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ქმედებებიც ბევრ რამეს განსაზღვრავს ურთიერთობებში. როდესაც შენი საქციელით სამჯერ და ოთხჯერ გულს მატკენ, მერე ბოდიშის თქმას აზრი ეკარგება, აღარაფერს შველის. ამის მიუხედავად, მაინც მიმიღია ბოდიში, რადგან არ მიყვარს კონფლიქტი და უზომოდ განვიცდი, თუ ვინმე ნაწყენია რამეზე. როგორც კი ბოდიშს მიხდიან, ამით ბედნიერი ვხდები, განა იმიტომ, რომ მე გავიმარჯვე და მართალი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდა.

მიზნისკენ სწრაფვაში მთავარია ადამიანური თვისებები შეინარჩუნო. ფული აუცილებელია კომფორტისთვის. ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ ბევრ რამეს წყვეტს.

"ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ" (დემოკრიტე) _ ჩემს შემთხვევაში გამონათქვამის პირველი ნაწილი უფროა სიმართლე. ხშირად მემართება ასე და გული მტკივა, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. საკმაოდ რთული საპოვნელია, მაგრამ უნდა შეძლო და ურთიერთობებში ოქროს შუალედი შეინარჩუნო. როდესაც ზედმეტად იხარჯები და საპასუხოდ სხვა რამეს იღებ, იმედგაცრუებული რჩები.

მე რომ მგონია, აღარაფერი გამიკვირდება-მეთქი, ისეთ საოცრებებს ვიგებ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ეს სამყარო მრავალფეროვანია, სავსეა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებით და ალბათ ყოველთვის გაკვირვებულები ვიქნებით.

რაც უნდა პრობლემები მქონდეს, გარეთ არაფერს ვიმჩნევ და ვიღიმი. ესეც დედამ მასწავლა. მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ უნდა იყო სხვებისთვის, შენი პრობლემებით ტვირთად არ უნდა იქცე მათთვის. არ უნდა შეიმჩნიო უგუნებობა, უნდა გაიღიმო და თვითონაც დაგავიწყდება პრობლემები".

წყარო: ჟურნალი "გზა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×