დახურვა
სტილი
31.01.2022

გასულ კვირას ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის ავტომობილი გაქურდეს. ძარცვა უცნაური აღმოჩნდა, მძარცველმა იმაზე მეტი დატოვა, ვიდრე წაიღო.

"წინამძღვრიშვილზე ვცხოვრობ. რამდენიმე დღის წინ ავტომობილი სახლთან ახლოს დავაყენე, იქ, სადაც საერთოდ ვაყენებ ხოლმე და სახლში შევედი. მეორე დღეს მივედი, ავტომობილის კარი გავაღე და ვხედავ, რომ შიგნით ყველაფერი თავდაყირაა, საშინელი არეულობაა. უცებ საკუთარ თავზე გავბრაზდი, ასეთი არეულობა როგორ დავტოვე-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წამში მივხვდი, რომ ეს მე არ გამიკეთებია. უცებ მეგონა, რაღაც თამაშში აღმოვჩნდი, სადაც ტურიდან ტურში გადავდიოდი და თითოეულ ტურში სიახლე მხვდებოდა. პირველ ტურში ყავა აღმოვაჩინე ჩემს მანქანაში, რომელსაც მე არ ვსვამ. შემდეგ ტურში დანა, რომელიც იმხელაა, ხანჯალს ვეძახი. შემდეგი ტური ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, აღმოვაჩინე, რომ მობილურიც დამიტოვეს. თავიდან გამეცინა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე პოლიციაში დავრეკე და გამოძიება დაიწყეს...

ახლა უკვე ვხუმრობ, მარტო მე თუ დამიტოვებდნენ ასეთ რამეს ავტომობილში. ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოძიების პროცესი მიდის, თუმცა, მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავე ნასვამი იყო და შესაძლოა, ჩემს ავტომობილში ღამეც კი გაათია. წაღებულია ჩემი საფულე და ყველაზე მეტად რაზედაც გული მწყდება, ეს არის ჩემი აკრედიტაციების ნაწილი და ყველა პრესბარათი, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები. მანქანაში „ჯიპიარეს“ მოწყობილობა იყო და ესეც წაუღია. ორი დღის განმავლობაში ვუყურებდი, სად გადაადგილდებოდა ეს ადამიანი, პოლიციამაც იცის მისი გადაადგილების შესახებ და ვნახოთ რა იქნება, ველოდები. ჩემი მხრიდან არასწორია ამის თქმა, მაგრამ უბრალოდ, მინდა, ვნახო ეს ადამიანი და ვკითხო, რა ღონისძიებები ჩაატარა ჩემს ავტომობილში. უცნაური ამბავია, ყველანაირი მტკიცებულება დატოვა და ადრე თუ გვიან, ყველაფერს გავიგებთ...

მოტაცების მცდელობას რაც შეეხება, მაშინ პირდაპირ ეთერში შემოვარდა „ბატონი მაჩო“ და ხელი დამავლო. ადამიანების ნაწილი, ძირითადად, ბოტები და ტროლები, წერდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დავდგით. არ ვიცი, ეს ვერსია როგორი ადამიანის ტვინში უნდა მოიხარშოს, სრული ბოდვაა. რეალურად, თავიდან მეგონა, რაღაც დანაშაული ჩავიდინე და პოლიცია მაკავებდა. აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა და რამდენიმე წამი ისტერიკულად მეცინებოდა, რაც კადრშიც ჩანს. ამიტომ ჩათვალეს, რომ დადგმული იყო. როგორც შემდეგ ოფიციალურმა უწყებებმა მითხრეს, ამ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და როგორც ვიცი, ის დღემდე მკურნალობს ფსიქიატრიულ კლინიკაში. რომ მახსენდება, ან იმ კადრებს ვუყურებ, დღემდე მეცინება, თუმცა ამ ვიდეოს გამო ძალიან ბევრი მაბულინგეს",- განუცხადა "თბილისელებს" მარიამ გაფრინდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×