დახურვა
სტილი
07.06.2021

12 მაისს ტელეწამყვან ანი გიუნტერს დაბადების დღე ჰქონდა, თუმცა ეს დღე ერთდღიანი დღესასწაულით არ დასრულებულა. აღნიშვნა სხვადასხვა გარემოში კვირაზე მეტხანს გაგრძელდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ანისთვის უკვე ტრადიციაა.

"ჩემს დაბადების დღეს დღესასწაულს ვერ დავარქმევ, ჩემს შემთხვევაში ეს ფესტივალია. ამ ტრადიციას საფუძველი 2017 წელს დაედო. თუმცა, მაშინ პირველ ივნისამდე ვაქრობდი ტორტს. 2017 წელს დაბადების დღის აღნიშვნა ორი დღით ადრე, ათ მაისს დავიწყეთ. ზოგ მეგობარს მერე არ ეცალა და აქედან გამომდინარე, ორი დღით ადრე შევხვდით, მეორე დღეს თანამშრომლებთან ერთად აღვნიშნე და მესამე დღეს, დილის ეთერში შემოვარდნენ ჩემი მეგობრები, მათ შორის ბარიტონი მიშა ქირია, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს, დათუნა ალადაშვილთან ერთად. „გიუნტერ, გილოცავ“ გამიქსეს ცნობილი საოპერო არიის მოტივებზე და მთელი დილა მიმღეროდნენ. ჩემმა მეგობარმა ვიკა კალანდიამ, დაახლოებით, ოცდაათი მეგობარი შემიკრიბა და მომაკითხეს ბუშტებითა და ტრანსფარანტებით. მიშა ქირია უნდა ჩამძვრალიყო საგანგებოდ მომზადებულ ტორტში, მაგრამ მიშა მინიმუმ 120 კილოგრამს იწონის და ვერ გამოვიდა ეს ამბავი. ბოლოს ჩემი შვილები ამოხტნენ იქიდან და ჩემთვის ეს იყო წარუშლელი ემოციები, სიხარულისგან ვბღაოდი. როგორ უნდა უყვარდე ამდენ მეგობარს, რომ სამსახური მიატოვონ ან დააგვიანონ და ასეთი დღესასწაული მოგიწყონ ტრანსფარანტებზე წარწერით: „საუკეთესო დედა“, „ულამაზესი ანი“ და ასე შემდეგ. ჩემი დაბადების დღე მიტინგი გეგონებოდა. სტუდიაში დავრჩით და „12-იანი კურიერი“ რომ დაიწყო, ჩვენ კიდევ ვმღეროდით და ვცეკვავდით. საღამოსაც გავაგრძელეთ მხიარულება, მეორე დღეს „ჩცდ-ის“ მეგობრებთან ერთად ვიზეიმე, 15-ში კიდევ განსხვავებულ გარემოში აღვნიშნე და ფაქტობრივად, ყოველდღე ვიხდიდი დაბადების დღეს",- აღნიშნავს ანი გიუნტერი.

"მინდა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გავუზიარო სითბო და სიყვარული. თუ ვინმეს გამორჩა ჩემი დაბადების დღე ან ვერ მოვიდა, კი არ ვიბუტები, მერე ცალკე აღვნიშნავ მათთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას სურს ჩემ გვერდით ყოფნა. რატომ დაპატიჟებ ისეთ ადამიანს, ვისაც მოსვლა დაეზარება? მე დარწმუნებული ვარ ჩემი მეგობრების სიყვარულში და გული რომ არ დასწყდეთ, თუ იმ დღეს ვერ ახერხებენ, მე ვეუბნები, რა პრობლემაა, თქვენ მხოლოდ დღე აარჩიეთ. მთავარი ხასიათია და არა მხოლოდ დაბადების დღეზე. ერთხელ, აგვისტოში ახალი წელი მოვაწყვე. ისეთი პერიოდი მქონდა, როცა სტიმული მჭირდებოდა ახალი ცხოვრების დასაწყებად.მეგობარს ვუთხარი, მოდი, ყველანაირი წყენა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ-მეთქი. ამიტომ, აგვისტოში სიონში ჩავიტანე თოვლის ბაბუები, ნაძვის ხე და სათამაშოები. იქ ისე ყინავდა, მართლა იყო ზამთრის განწყობა და ასე ლამაზად აღვნიშნეთ ახალი წელი აგვისტოში. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ მახასიათებს სტერეოტიპული აზროვნება. არასდროს მაქვს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი. არ ვფიქრობ, რომ ვინმე დარეკავს, ვინმე გამოჩნდება და ეს რომ მოხდება, მერე ვიგრძნობ თავს კარგად. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლიდი, ეს ჩემი სამყაროში მოვლინება იყო. რადგან დავიბადე, აწი მე ვიცი, ვტკბები ყველა მომენტით. პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე მე მაქვს აღებული. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე და ისეთი ვარ, როგორიც ვარ. დედამ 42 წლის ასაკში გამაჩინა, მოულოდნელი სიხარული ვიყავი და ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ თავიდანვე გამიმართლა...ჩემს სუფრაზე, ყოველდღიურადაც და დღესასწაულზე – მით უმეტეს, სერვირებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, მიყვარს სუფრის გაფორმება და არა მხოლოდ საკვებით. საკვების მომზადება კიდევ უფრო მიყვარს და კარგადაც გამომდის. სხვათა შორის, მამა იყო არაჩვეულებრივი მზარეული. ყველა ჩემს დაბადების დღეზე მამა აცხობდა ტორტს. ძალიან განათლებული და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანი იყო და კულინარიითაც გახლდათ გატაცებული. კაცს ყოველთვის შეუძლია თავის წვლილის შეტანა ამ პროცესში. მაშინ ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მაშინ ეს უცხო ხილი იყო, რადგან კაცები სამზარეულოში ნაკლებად ტრიალებდნენ. ჩვენს ოჯახში არასდროს ყოფილა გაყოფილი ქალისა და კაცის საქმეები. მხოლოდ ეს არა, მამა შვიდი წლით პატარა იყო დედაზე და არც ასაკობრივი სხვაობა იყო პრობლემა – სიყვარულში და სიურპრიზებით სავსე გარემოში გავიზარდე. სხვათა შორის, მას ჩემი შვილი ჰგავს. დღეს ტიროდა და მეუბნება, დედა, შენ არ მომაქციო ყურადღება, მეტირება და გამივლისო. ფანჯრებს ვწმენდდი, მოვიდა და მითხრა: მაჩვენე, როგორ უნდა, მაინტერესებსო. მერე თავის დას დაუძახა და აჩვენა, იმან უთხრა, ეს ბიჭის საქმეაო? მერე რა, მე დედას გახარება მინდაო, უპასუხა. რაღაც რომ გაფუჭდა, ამოიღო თავის დაგროვებული ფული და დადო. ერთია გენეტიკა და მეორე – ბუნება, ეგეთია და ამას ვერ წაართმევ. მისთვის მთავარია, სხვამ არ ინერვიულოს და ყველაფერს თავის თავზე იღებს – დისასაც და დედისასაც. ორივეს გვეკრძალება ტირილი, ოჯახში გოგონებისთვის დანარჩენი ყველაფერი დასაშვებია.

 თუ მუდმივად რაღაცას მოელი, აუცილებლად გაგიცრუვდება იმედი: ვიღაც დააგვიანებს, ვიღაც არ მოგილოცავს, ვიღაც არ მოვა, ამიტომ ყოველთვის რაღაც დაგაკლდება...მართლა არ მახსოვს ჩემი ასაკი. თუ ვაქცევ ამას ყურადღებას, მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე მეუბნება, რომ საერთოდ არ მეტყობა. ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ მსგავსი განცდა წამითაც არ გამივლია გულში. გარემოცვაში ძალიან ბევრი ასაკით ჩემზე უმცროსიც მყავს და ბევრი უფროსიც, დიდთან დიდი ვარ და პატარასთან – პატარა. სხვაობას ვერცერთთან ვერ ვგრძნობ",- აღნიშნავს ანი გიუნტერი "თბილისელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×