დახურვა
სტილი
17.11.2023

ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მისი არაორდინარული სტილი ბევრს მოსწონს, ბევრი იწუნებს, თუმცა ფაქტი ერთია - ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი სამეგრელოდან, ქმნის მსოფლიო მოდის ამინდს.

დემნა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა „Maison Martin Margiela"-სა და „Louis Vuitton"-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga"-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დემნა გვასალია დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში, საქართველოში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც „Maison Margiela"-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში მარჯიელაში დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში, მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela"-ს კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton"-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, „Vetements" (ფრანგულად „ტანსაცმელი").

2015 წლის ოქტომბერში დემნა „Balenciaga"-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

დემნამ არაერთხელ შეძლო ქართველი ხალხის ალაპარაკება, განსაკუთრებული მღელვარება კი მისი პირადი ცხოვრების დეტალებმა გამოიწვია, როცა დემნამ პარტნიორის, ლოიკ გომესის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ქართველებს გაუჭირდათ ამ ფაქტის მიღება და მისი განსჯა არა პროფესიული ნიჭისა და წარმატების, არამედ მისი ორიენტაციის გამო გადაწყვიტეს. თავად დემნა კი ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სწორედ ამ მიზეზის გამო მისთვის საფრთხის შემცველია, რადგან აქ ჯერ კიდევ უჭირთ რაიმე ნიშნით განსხვავებული ინდივიდის მიღება. მიუხედავად ამისა, დემნა საქართველოსთან და ქართველებთან კავშირს არასდროს კარგავს. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალურ ქსელში პოპულარული გვერდის, "Demnagram"-ის შემქნელი ქართველი ახალგაზრდა, საბა ბახია, "ბალენსიაგას" გუნდის წევრი გახდა და ეს დემნას დამსახურებაა. სულ ცოტა ხნის წინ კი დემნა გვასალიამ, საბა ბახიასთან ერთად, საკუთარ შოუზე ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია მიიწვია, მას "ბალენსიაგას" სამოსი აჩუქა და აღნიშნა, რომ ლელას სიმღერებს ხშირად უსმენს.

რამდენიმე დღის წინ დემნა გვასალიამ საზოგადოების ალაპარაკება კიდევ ერთხელ შეძლო, როცა 2024 წლის გაზაფხულის კოლექციის ნაწილი გააზიარა.

Towel Skirt ბევრისთვის სახალისო აღმოჩნდა და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი სახლში ყველას მოეპოვება. თავად დემნა კი ამბობს, რომ მისი მიზანი ხალხთან მაქსიმალურად დაახლოება და მათი სურვილების გათვალისწინებაა:

"მე რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყო, რომ შევძლო, ჩემ გარშემო ხალხს ისე ჩავაცვა, რომ მათ თავი ბედნიერად და მოდურად იგრძნონ, რომ მათ იდენტობას სტილის შეგრძნება შევმატო. მოდა უფრო მეტად უნდა იყოს ფესვგადგმული საზოგადოებაში. ამიტომ მე ხალხმა გამიყვანა ქუჩაში... მაგრამ ქუჩა ხომ რეალობაა. მაღალი საზოგადოება და მეჯლისი ვენაში - ეს არ არის ხალხის რეალობა. რეალობა ასეთია: თქვენ იცვამთ უბრალო ზედას, გადიხართ გარეთ და გიწევთ, რომ საკუთარი თავი თავად დაიცვათ" - ამბობდა დემნა Purple-თან საუბრისას.

ავტორი. marao.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×