დახურვა
სტილი
20.11.2023

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა... კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N". - წერდა იტალიური მედია.

ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:

„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ - ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ... მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემს გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ.

არიან მამები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანს, რაც უნდა, ის გააკეთოს.

რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემს მაგალითს მოვიყვან: მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე წადი აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან წვიმდა, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×