დახურვა
სტილი
27.11.2023

მოდის ექსპერტი, ბლოგერიდა დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტლაძეს, რომლიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა დ სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.

ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.

"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო.

ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ.

საერთოდ, ასაკი რაც უფრო გემატება, ჯანმრთელობას მეტად აფასებ, თუმცა მე ბავშვობიდან ასე ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში როგორ იზრდები, გასწავლიან თუ არა, რა არის ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ადამიანი რომ ბერდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი. სიბერე იმას ნიშნავს, რომ შენ განვლე ცხოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ გამოცდილებას და ცოდნას იღებ. მერე კი უკვე გაქვს უფლება, ადამიანებს რჩევა მისცე, გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა.

ნეტავი, ყველა დავბერდეთ. ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. ამის მიხედვით, მე ჩემი დასკვნები გავაკეთე - ძალიან კარგია ასაკის მატება და ამის კი არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიხაროდეს. ასაკი თავდაჯერებასაც გმატებს. ბევრი ქალი და მამაკაცი მინახავს, რომლებსაც ეშინიათ ამის. მე - არა, ნამდვილად არ მეშინია ასაკის მატების, პირიქით, ღმერთს მადლობას ვეუბნები ყოველი დღისთვის, რომ თენდება. ეს მართლაც დიდი მადლია.

ქალი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგალითად, 90/60/90, დაწყობილი ნაკვთებით, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. თუ ქალი გემოვნებიანია, ის უკვე ძალიან მომხიბვლელია. გემოვნება ნიშნავს, რომ ყოველთვის ხარ ელეგანტური.

სამოსში ხარისხიანი და კლასიკური ელემენტები უნდა ჭარბობდეს და ტენდენციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. წელიწადში ორჯერ რამდენიმე მოდურ ნივთს თუ შეიძენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდერობი განაახლეთ. მაგალითად, ჩემი გარდერობი წლების განმავლობაში იქმნებოდა. აუცილებელი არ არის, წელიწადში ორჯერ თავიდან ბოლომდე შეცვალოთ, უბრალოდ უნდა დაამატოთ ტენდენციური ნივთები" - ამბობდა დალი ჩიტალაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყარო: marao.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×