დახურვა
სტილი
23.04.2024

რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი, რასაც სამეგობრო ნატრობს, მისი გამოჯანმრთელებაა.

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც 1 წუთი დამითმეთ და მომილოცეთ დაბადების დღე! 56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… 

ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ! ამდენი მოლოცვა ალბათ არცერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა! ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად „შემოგვიკურთხოს“. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და „გაფრენა“. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურმარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენსკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×