დახურვა
სტილი
04.06.2021

"როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან: - აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო".

"არ არსებობს შეზღუდვა, რის გამოც შეიძლება, რაღაც ვერ გააკეთო, რაც გიხდება, სიამოვნებას განიჭებს და მით უმეტეს - გამოგდის"- ამბობს თათა გიორგობიანი.

- ჰიპჰოპის შემსწავლელ სტუდიაში შევედი - ვცეკვავ, რადგან ძალიან მიყვარს. უფროსი ასაკის (28, 29 და 30 წლის) 3 გოგო ვართ, დანარჩენები - პატარები არიან. ის სტერეოტიპი დავამსხვრიე, თითქოს 28 წლის ასაკში რაღაც ახალს ვერ დაიწყებ ადამიანი. ჰიპჰოპის სტუდიაში დროებით ვარ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემთვის ცეკვა უბრალოდ განტვირთვაა. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზეც, ფორტეპიანოზეც... მერე დრო სწავლას დავუთმე: აბიტურიენტობის პერიოდიდან ასეთ წრეებთან კონტაქტი აღარ მქონია. სურვილი ახლა ავიხდინე. სახლში ან კლუბებში, მეგობრებთან ერთად მაინც ვცეკვავდი ხოლმე.

ხშირად მეუბნებიან, - უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო. ეს უფრო მეგობრული რჩევაა. ამ ადამიანების მესმის და მადლობელი ვარ, რომ განიცდიან, ფიქრობენ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვეუბნები, - ჯერჯერობით მაინც სწავლაზე, კარიერაზე ორიენტირებული ვარ-მეთქი, ცოტათი უკვირთ. ვფიქრობ, ცუდი არაფერია, რომ საკუთარი მომავალი კარგად დაგეგმო და თუნდაც რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო. ჩემი აზრით, ასე უკეთესია.

კითხვაზე, თუ რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდა, თათა ამბობს: 

_ ვფიქრობ, საერთოდ, არასდროს არ უნდა უყურო არც სტერეოტიპებს, არც - სხვა ადამიანებს. უბრალოდ, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო და შემდეგ ამას საზოგადოება განსჯის. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი აღიარებაც არ არის. მთავარია, უბრალოდ კარგი, ბედნიერი ადამიანი იყო და ირგვლივ მყოფებიც გააბედნიერო. არ არსებობს ადამიანი, რომელიც "ჩარჩოში არ ჩაგსვამს" და არ გაგაკრიტიკებს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ყველას მაინც თავისი დამოკიდებულებები, ინდივიდუალური ფილოსოფია აქვს და ამას სხვებზეც განაზოგადებენ, - მათთვის სხვაც აუცილებლად მათ შეხედულებებსა და წესებს უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ ასე ვერ მოხდება. მრავალფეროვნები ვართ. მით უმეტეს, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, ერთმანეთისგან კიდევ უფრო განსხვავდებიან. ამიტომ მთავარ ღირებულებად მაინც სიკეთე, განვითარება მიმაჩნია და რა თქმა უნდა, ადამიანის შინაგანი ბედნიერება, თავისუფლება. თუ ამ გზას მივყვებით, მერე ყველაფერი კარგად იქნება, სტერეოტიპების ხანაც დასრულდება და ერთმანეთის მიმართ უფრო ტოლერანტულები ვიქნებით...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×