დახურვა
სტილი
09.05.2023

გაზაფხულის ბოლო თვე - მაისი ნამდვილად არ იქნება ადვილად გასავლელი, რადგან მთვარის დაბნელება გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებს შემოიტანს. თუმცა, ამის მერე, მთვარის მზარდ ფაზაში გადანაცვლება ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და გაზრდის წარმატების შანსებს, მაგრამ ესეც - დროებით.

როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, მაისის თვის გარკვეულ რიცხვებში, დედამიწა მოექცევა პოზიტიური ენერგიების ქვეშ, როცა პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდება. ხოლო, თუ როგორია, ზოგადად, მთელი თვის ასტროლოგიური პროგნოზი, რა სავარაუდო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით, სად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და როდის გადავდგათ თამამი ნაბიჯები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 15 მაისიდან პლანეტა მერკური იმოძრავებს კუროს ზოდიაქოში, რამაც შესაძლოა, გაამძაფროს ცხოვრებისეული ცვლილებებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების მოთხოვნილება. 7-იდან 17 რიცხვამდე დროის მონაკვეთში დედამიწა აღმოჩნდება პოზიტიური კოსმიური ვიბრაციების ზონაში, რაც ამ პერიოდს მეტად დადებითსა და ნაყოფიერს გახდის. ამ დროს პლანეტების განლაგება ხელს შეუწყობს სასიცოცხლო ენერგიის დაგროვებას, მუშაობისა და შემოქმედების ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ამაღლებას. ეს იღბლიანი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისთვისაც. გარდა ამისა, ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება მეგობრული კავშირების, პირადი და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება, ასევე, ჯგუფების, გუნდების, გაერთიანებების ჩამოყალიბება, შეკავშირება და გამყარება. დრო ხელს უწყობს ახალ პროექტებში ფულის დაბანდებას, ინვესტირებას, რადგან კოსმიური ამინდი ეხმარება მსოფლიო ბირჟებსა და სავაჭრო მოედნებზე კაპიტალის ბრუნვას. 16 მაისს წარმატებისა და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, სადაც კირჩხიბში მოძრავ პლანეტა ვენერასთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი, ხანგრძლივი სასიყვარულო, ან ძალზე სასიამოვნო რომანტიკული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

- სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს, რადგან 18 მაისიდან დედამიწის ბიოსფერო უარყოფითი კოსმიური ზემოქმედების ზონაში შევა. ყველაზე უარყოფოთი, მძიმე და დისჰარმონიული კი 23-30 მაისის მონაკვეთი აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, 19 მაისის ახალმთვარეობა და 18-27 მაისის შუალედში მზარდი მთვარის ენერგიები გააძლიერებს აქტიურ ცხოვრებისეულ რიტმსა და შემოქმედების სურვილს, გვიბიძგებს აღმშენებლობისა და სასიკეთო პროცესების გააქტიურებისკენ.

21 მაისს მზე ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ლომის ნიშანში მოძრავ მარსთან ერთად ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს ულევი ენერგიით აღავსებს. თუმცა, 23-30 მაისის შუალედი ბევრ პროცესს დაამუხრუჭებს. ადრე გადაუჭრელი პროცესები ამ დროს შეიძლება, გამწვავდეს და დიდი კონფლიქტები და უთანხმოება გამოიწვიოს. გართულდება მოლაპარაკებების პროცესი, კომპრომისების მოძიება, საერთო ნიშნულზე შეჯერება, ამიტომ მდგომარეობა პოლიტიკურ არენაზეც დაიძაბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×