დახურვა
სტილი
30.07.2021

საერთოდ ხშირია და ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავადაც მოქცეულხართ ასე: როცა თმა ცხოვრების შეცვლის მიზნით შეგიჭრიათ. ასეთი ხუმრობაცაა: როცა გოგონა შეყვარებულს შორდება, „კარეს" იჭრისო. მართალია, უკვე მოძველდა, მაგრამ ყველა ხუმრობაში რომ სიმართლის მარცვალია, ეგეც გეცოდინებათ. ჰოდა, რა უდევს ამ ტრადიციას საფუძვლად, რა ენერგიასა და მაგიურ ძალას ატარებს თმა, ასე მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა რომ შეუძლია ჩვენზე, ან რა უნდა გავითვალისწინოთ თმის შეჭრასა თუ დავარცხნასთან დაკავშირებით, აგვიხსნის ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი დ.

ალბათ, გაგახსენდათ არაერთი ცნობილი სახე ჩვენთან, თუ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი შოუბიზნესისა და კინოს სამყაროდან, განქორწინების შემდეგ თმის სიგრძესაც რომ იცვლის და ვარცხნილობასაც. ამის მერე კი საქმე უკეთესად მისდის. ასევეა ჩვეულებრივ მოკვდავთა შორისაც. თუმცა მიზეზს ასეთი ცვლილებისთვის ყველა თავად ირჩევს.

ბევრ კულტურაში თმას განსაზღვრული ძალა აქვს. მაგალითად, ბერძნული მითოლოგიის გმირმა - სამსონმა მთელი ძალა დაკარგა, როცა ცოლმა თმა შეაჭრა. ზოგ ქვეყნებში მოჭრილ ან ჩამოვარდნილ კულულებს საგულდაგულოდ აგროვებდნენ, რათა მასზე ვინმეს ჯადო არ გაეკეთებინა. არის კიდევ ასეთი მინიშნება: ჩიტი ვისი თმითაც ბუდეს აიშენებს, ის ადამიანი მთელ ცხოვრებას ჭაპანწყვეტაში გაატარებსო. ლეგენდებსა და მითებში ადამიანის ორგანიზმის ყოველ ნაწილს თავისი ენერგია აქვს მინიჭებული და გამონაკლისი არც თმაა. ის როგორც ღრუბელი გარემომცველი ბიოველიდან მთელ ჭუჭყს ისრუტავს. ამიტომ, ბევრი ვარცხნილობას ახალი წლის წინ იცვლის, რათა ახალ, სუფთა დროში პრობლემების ტვირთი თან არ გადაჰყვეს. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების გარდამტეხ მომენტებზეც, როგორიცაა: შეცვლა სამსახურის, პარტნიორის ან საცხოვრებელი ადგილის.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, სწორედ ეს დრო უნდა გამოიყენოთ თმის შესაკვეცად და ვარცხნილობის შესაცვლელად. ახალი კვირის დასაწყისი იქნება სწორედ ახალი ცხოვრების დასაწყისიც. თუ ორშაბათს სავსემთვარეობაც დაემთხვა, მაშინ სასიკეთო ცვლილებები ახლო მომავალში დადგება. რაც შეეხება აკრძალვებს, არ შეიძლება თმის წყალში გადაგდება. ტენს ადამიანისგან მთელი ენერგია მიაქვს. ვინც არ დაიჯერებს და ისევ გააგრძელებს თმის უნიტაზში ჩარეცხვას, შეიძლება ცხოვრებაც გაინადგუროს და ზედ საჩუქრად, სიმელოტეც მიიღოს. თმის ხარისხს კი, როგორც მინიშნება გვირჩევს, გაზაფხულის პირველი წვიმა აუმჯობესებს. ხოლო, თუ არ გინდათ, რომ ბედი შეგეკვეცოთ, კარმული დაცვა დაკარგოთ და თვით ბიოველიც კი შეგეცვალოთ, არასდროს შეიჭრათ თმა თავად. ვინც ამ წესს ჯიუტად არღვევს, უსიამოვნებების მთელი ჯაჭვი ელის, რის გაწყვეტაც ძალიან გაუძნელდება. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და თმის შეჭრა აუცილებლად თავად გიწევთ, კარგ ხასიათზე მაინც გააკეთეთ ეს. აუცილებლად პოზიტიურზე, ნათელსა და კეთილზე უნდა იფიქროთ ასევე, თმის დავარცხნისასაც. თან, შეგიძლიათ, ხმამაღლა ან ჩურჩულით ყველაზე სანუკვარი სურვილიც ჩაუთქვათ. დავარცხნას თუ დიდხანს გააგრძელებთ, სიცოცხლის ძალა და დადებითი ენერგია მოგემატებათ. როცა დედა თავის გოგონას თმას ვარცხნის - ამით მას სილამაზესა და ძლიერ ენერგიას გადასცემს. თუმცა თმა ღამით ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, შესაბამისად, მზის ჩასვლის შემდეგ აღარ დაივარცხნოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×