დახურვა
სტილი
04.01.2022

50-თეთრიანი მგზავრობის საფასური საზოგადოებრივ ტრანსპორტში იანვრის ბოლომდე იმოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევა 1-ლარიანი ტარიფი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტო სისტემა. უკვე ხვალიდან, 5 იანვრიდან, კი ახალი აბონემენტების გაყიდვა დაიწყება. მოქალაქეები აბონემენტების ყიდვას მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში შეძლებენ.

როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, აბონემენტის საყიდლად მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა დაგჭირდებათ, თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მის გამოყენებას პირველ თებერვლამდე ვერ შეძლებთ.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აბონემენტის შეძენა ნებაყოფლობითია, ვისაც სურს აიღებს, ვისაც არა - გააგრძელებს სასურველი

ბარათის გამოყენებას, თუნდაც ის იყოს ბანკის ბარათები. სამგზავრო და საბანკო ბარათები ისევ ძალაში რჩება და მათი გამოყენების შემთხვევაში, 90 წუთის განმავლობაში მგზავრობა კვლავ უფასო იქნება. შეიცვლება მხოლოდ მგზავრობის საფასური და ის 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება.

ასევე, არაფერი იცვლება იმ ადამიანებისათვის, მაგალითად, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის, ვინც შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობდნენ. მათაც შეუძლიათ აბონემენტის ყიდვა, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

"გარდა სააბონემენტო სერვისისა, ძალაში დარჩება გადახდის სტანდარტული სისტემაც. სააბონიმენტო გადახდის სერვისი არის მოხერხებული და მგზავრის ინტერესებზე გათვლილი. მისი შეძენა ნებაყოფლობითია." - გვითხრეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან იმოქმედებს სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო სისტემა და მათ განსხვავებული ფასი ექნებათ:

ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი ერთი

ლარი

ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი სამი ლარი

ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი 20 ლარი

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი 40 ლარი

ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი 150 ლარი

ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი 250 ლარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×