დახურვა
სტილი
04.02.2022

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ ბრიფინგზე ორსულების ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდაზე ისაუბრა და მომავალ დედებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ინფიცირებულმა ორსულებმა უნდა იცოდნენ, რომ მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია გარკვეული გართულებები. მისი თქმით, რისკის ქვეშ არის როგორც ნაყოფი, ასევე დედა:

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალობა დაბალია, ყველა ორსულს და მომავალ მშობიარეს მოვუწოდებ, რომ აიცრან. ასევე ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაუწიონ პროპაგანდა იმას, რომ ორსულები ვაქცინირებულები იყვნენ. ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთად ერთი - ეს არის ვაქცინაცია.

მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. კორონავირუსს გართულებები ახლავს ორსულებში, ნაყოფის ზრდის შეფერეხებისა და განვითარების თვალსაზრისით, ასევე დიაბეტით დაავადებულ ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და რისკიც იზრდება.

ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ დამატებითი დოზის შეყვანა „ფაიზერით" კიდევ ზრდის იმის ალბათობას, რომ დაინფიცირების შემთხვევაში პროცესი უფრო მსუბუქ ფორმებში განვითარდეს.

ვაქცინირებულ დედებში ანტისხეულები ნაყოფს დაბადებისთანავე შეიძლება ჰქონდეს. ეს აძლიერებს ნაყოფისა და დედის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. თუ ვინმე საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ვფიქრობ, ეს დანაშაულია. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×