დახურვა
სტილი
08.03.2022

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იოდი თვითნებურად არ გამოიყენონ და საუბრობს იმ შემთხვევაზე, როცა მისი მიღება, სწორი დოზირებით გამართლებულია:

- ძალიან ბევრი ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რადიაციისგან. ჯერ რადიაციაზე საუბარი ზედმეტია იმიტომ, რომ ატომური სადგურები არ დაზიანებულა, შესაბამისად, რადიაციის დონე არ მომატებულა იმდენად, რომ ჩვენ ამაზე საუბარი საერთოდ გვიღირდეს. მაგრამ, საზოგადოება ძალიან ფრთხილობს. თვალს ადევნებენ უცხოურ და ასევე ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოებს, სადაც ასახულია, როგორ გამოიყენონ იოდი და დაიცვან თავი რადიაციისგან. ადამიანებს ეშინიათ, რომ შესაძლოა რუსეთმა არაკეთილსინდისიერად შეუტიოს უკრაინაში არსებულ ატომურ სადგურებს. თუ ისინი დაზიანდებიან, შესაბამისად რადიაცია გაჟონავს და რადიაციის ზემოქმედების პირობებში შესაძლოა ადამიანებს სხვადასხვა სახის სიმსივნეები დაემართოთ. მე მინდა მოგიყვეთ, რა ხდება ასეთ შემთხვევაში და როგორ უნდა დავიცვათ თავი.

რადიაციისგან თავის დაცვის უნივერსალური და საპრევენციო საშუალებები არ გვაქვს. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც გამოიყენება, ოღონდ გამოიყენება უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად, ეს არის იოდი. როცა ატომური სადგურები დაზიანდება, შესაძლოა იოდი გამოიფრქვეს ატმოსფეროში და რადიოაქტიურმა იოდმა დააზიანოს ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვალია ის ორგანო, რომელიც იოდს იყენებს. ოღონდ, ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივ, იოდ-127-ს იყენებს. მაგრამ, როცა ზიანდება ატომური სადგურები ან ატომური იარაღი გამოიყენება, ასეთ დროს, შესაძლოა ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მოხვდეს იოდის რადიოაქტიური იზოტოპი, იოდ-131,

რომელიც ფარისებ ჯირკვალში ჩალაგდება, რაც შემდგომში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას იწვევს.

ძალიან ნაკლებად მჯერა, რომ რადიაციის დონე მოიმატებს, უკრაინა საკმაოდ მყარად დგას ამ კუთხით, თქვენც თვალს ადევნებთ და ხედავთ, რომ არც ისე მარტივია რუსებისთვის უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა, მით უმეტეს, ატომური სადგურების დაბომბვა. მაგრამ, თუ რადიაცია მოიმატებს, ასეთ შემთხვევაში იოდ-131 შეიძლება პოტენციურად ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების მიზეზი. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები რამდენიმე სახისაა. რადიაციული დაბინძურების დროს, ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პაპილარული კარცინომა. ზოგადად, რადიაციის დროს ყველაზე მეტად შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვებსა და ქალებს. სწორედ მათთანაა ყველაზე მეტი რისკი ფარისებრი ჯირკვლის განვითარების. თუმცა, სიმსივნეები მაშინვე არ ვითარდება. როგორც წესი,რამდენიმე წლის შემდეგ, საშუალოდ, 4 წლის მერე იჩენს თავს. მაგრამ, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ის სიმსივნეც კი, რომელიც შესაძლოა რადიაციით იყოს გამოწვეული, მაინც არ ხასიათდება აგრესიული თვისებებით და საპანიკო არაფერია. პაპილარული კარცინომა ნელა მზარდია, იშვიათად მეტასტაზირებს და განკურნებადია. გადარჩენის ალბათობა ასეთ შემთხვევაშა შეიძლება 90%-ზე ბევრად მეტი იყოს.

დაიმახსოვრეთ, რომ ახლა ვსაუბრობთ თავდაცვის მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ნამდვილადაა დადასტურებული, რომ რადიაციის დონემ მოიმატა. თუ რადიაცია არ გაზრდილა, ამის გაკეთება არ არის საჭირო და დაუშვებელია. რადიოაქტიური იოდისგან, იოდ-131-ისგან თავის დასაცავად იოდის სტაბილური იზოტოპი უნდა გამოვიყენოთ, რომლის ყველაზე კლასიკური წყარო კალიუმის იოდიდია. როცა კალიუმის იოდიდს ვსვამთ, ფარისებრი ჯირკვალი მას ითვისებს და არა რადიოაქტიურ იოდს. აქ სწორ დოზირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არ მიიღოთ კალიუმის იოდიდი წინასწარ. თუ რადიაცია არ იმატებს, პანიკა არ არის საჭირო. მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისი მიღება გამართლებული, როცა რადიაცია ნამდვილად დასტურდება და მაღალ რიცხვებს აღწევს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, კალიუმის იოდიდის დოზაა 130 მგ, მიღებული ერთხელ დღეში, ერთჯერადად. თუ ადამიანს ამხელა დოზის მიღება რაღაცის გამო არ შეუძლია, მაშინ ეს დოზა ნახევრდება და მიიღება 65 მგ, დღეში ორჯერ. აქ საუბარია ზრდასრულ ადამიანზე. 1 თვემდე ასაკის ბავშვისთვის 16 მგ-ია დოზა, 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის 32 მგ, 3 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვისთვის 65 მგ, დიდების შემთხვევაში ეს არის 130 მილიგრამი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მიღება საჭირო არ არის, თუ რადიაციის დონე არ მოიმატებს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს დოზები ამ სახით არ იყიდება. ჩვენთან რაც შეიძლება ნახოთ, იოდის 5%-იანი წვეთებია. თუ სხვა საშუალება არ გვაქვს, მაშინ იოდის წვეთების დოზირება იქნება შემდეგი:

5%-იანი იოდი უნდა იყოს გამოყენებული ზრდასრულების შემთხვევაში 40-50 წვეთი გახსნილი ერთ ჭიქა წყალში ან რძეში. თუ საქმე ეხება ბავშებს, ამ დოზის ნახევარი უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადად. ზოგჯერ იყენებენ ხოლმე იოდის ბადეებსაც.

მაგრამ, არ მიიღოთ კალიუმის იოდიდი თვითნებურად იმიტომ, რომ თუ თქვენ მას მიიღებთ მანამ, სანამ რადიაციის მაღალი დონე არ არის მაღალი, ასეთ შემთხვევაში იმაზე მეტი ზიანი გექნებათ, ვიდრე სარგებელი. ამ დოზების მიღებამ შესაძლოა პირიქით გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული მუშაობა, რაც ცნობილია, როგორც ჰიპერთირეოზი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გათიშვა და მისი ფუნქციონირების დაქვეითება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სანერწყვე ჯირკვლების ანთება, თორმეტგოჯას ანთება, თან ახლდეს ფაღარათი და მძიმე ალერგიული რეაქციები. ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ იოდი არ მიიღოთ თვითნებურად.

კალიუმის იოდიდი იცავს მხოლოდ ფარისებრ ჯირკვალს. ის არ იცავს სხვა ორგანოებს. მათ შორის, არ იცავს ძვლის ტვინს. ამიტომ, მისი მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ რადიაციის დონე მოიმატებს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება კატეგორიულად არ შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გართულების რისკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×