დახურვა
სტილი
22.03.2022

კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება და დადებითი ტენდენცია შეინიშნება. მოქალაქეებს გაუჩნდათ შეკითხვა, ამ ფონზე, ხომ არ უქმდება უფასო სწრაფი ტესტირება ისე, როგორც ეს PCR ტესტის შემთხვევაში მოხდა.

შეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისევე, როგორც აქამდე, სწრაფი ტესტის ჩატარება უფასო იქნება ყველა ადამიანისთვის და ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ტესტირებისთვის განკუთვნილი დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას:

"ყოველდღიურად 20-21 ათას ტესტს ვატარებთ. ძირითადად, ახლა სწრაფ ტესტებს ვიყენებთ. დაწესებულებები არ შეგვიმცირებია და ყველგან, სადაც ადრე მიმდინარეობდა ტესტირება, კვლავ გრძელდება."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×