დახურვა
სტილი
23.05.2022

ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო მედიაში ე.წ. მაიმუნის ყვავილის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ეს დაავადება გასცდა აფრიკის კონტინენტს და 100-ზე მეტი შემთხვევა სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრასაც იწვევს. რა არის ამ დროისათვის ცნობილი და რა სამპტომებით ვრცელდება, ასევე, რა გზით გადაეცემა ადამიანს - თემაზე ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:

„ე.წ. მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა. პირველი შემთხვევები ადამიანებში საკმაოდ დიდი ხნის წინ, 50-იანი წლების ბოლოს დაფიქსირდა. ამ დაავადების გავრცელების ძირითადი არეალი აფრიკის კონტინენტი იყო, თუმცა

ერთეული შემთხვევები სხვა კონტინენტზე იმ ადამიანებში გვხვდებოდა, ვისაც აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ან კიდევ აფრიკიდან ჩამოსულ პირებთან კონტაქტი ჰქონდა. ზოგადად, ეს ვირუსული ინფექცია ორთოპოქსვირუსების ოჯახს განეკუთვნება. მისი მსგავსი ვირუსული ინფექციაა ე.წ. ადამიანის ყვავილი, რომელიც საბედნიეროდ, აღარ არსებობს და მისი აღმოფხვრა ვაქცინაციის საშუალებით მოხდა. შესაბამისად, უკვე, დაახლოებით 40 წელია, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება, ე.წ. მაიმუნის ყვავილს, ის ახლა საყურადღებო იმიტომ გახდა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი, რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა აფრიკის კონტინენტის გარეთ და თან დაფიქსირდა ისეთ ადამიანებში, რომლებსაც აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები, თუ რა გახდა ინფექციის შედარებით სწრაფი და ადვილი გავრცელების მიზეზი“.

-რა გზით გადაეცემა ეს დაავადება ადამიანებს?

- ეს დაავადება ძირითადად დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით გადადის. მაგრამ, იშვიათ შემთხვევაში, ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტითაც შესაძლებელია მოხდეს გადადება. თუმცა, ეს კონტაქტი უნდა იყოს ხანგრძლივი და ახლო. რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან ან თუნდაც კორონავირუსისგან, ის შედარებით შორის კონტაქტით არ გადაეცემა. ძირითადად კონტაქტური და წვეთოვანი გზით გადადის. ანუ, საჭიროა ახლო, დაუცველი კონტაქტი იმისთვის, რომ ადამიანიდან ადამიანის დაინფიცირება მოხდეს. ასეთ დროს, ძირითად რისკს წაროადგენენ ოჯახის წევრები და მედპერსონალი, ვინც პაციენტს ზედამხედველობას უწევს. გარდა ამისა, რამდენად კავშირშია სქესობრივ კონტაქტთან ამ დაავადების გავრცელება ჯერ კიდეც კვლევის საგანია. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს.

- რა სიმპტომებით ვლინდება ე.წ. მაიმუნის ყვავილი?

- მას თავდაპირველად მწვავე დასაწყისი ახასიათებს. ეს შეიძლება იყოს ცხელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიმპტომების გამოვლენიდან, დაახლოებით, მესამე დღეს იწყება გამონაყარი. გამონაყარი თავიდან კვანძოვანი ხასიათისაა. იწყება სახის არედან და მთელ სხეულზე ვრცელდება, მათ შორის, ხელისა და ფეხის გულებზე. შემდეგ კვანძოვანი გამონაყარი ბუშტუკოვანი ხდება, რაც შესაძლოა დაზიანდეს და წყლული წარმოიქმნას. გამოყრის პერიოდი შეიძლება 7-10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა ინდივიდუალურია. დაახლოებით, მესამე კვირიდან სიმტომების ალაგება იწყება. არსებობს მძიმე მიმდინარეობებიც და 1-დან 3%-მდე შეიძლება ლეტალური გამოსავლით დასრულდეს, თუმცა ამჟამად გავრცელებულ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ასეთი პაციენტები უფრო მეტ ყურადღებას, სტაციონარში ყოფნას და დაკვირვებას საჭიროებენ.

- რომელი ადამიანები არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

- რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმუნოდეფიციტი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის სხვადასხვა თანმხლები პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს დაავადება შესაძლოა ბავშვებსა და მოზარდებშიც გამოვლინდეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ 1-3%-ში შეიძლება წარიმართოს მძიმედ.

- მკურნალობის რა გზები არსებობს?

- ჯერჯერობით სპეციფიკური, ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს და მხოლოდ სიმპტომების, გართულებების მიხედვით ხდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის აცრა არ გვაქვს, თუმცა არის მოსაზრებები, რაც კვლევებითაა დადასტურებული, რომ ე.წ. ადამიანის ყვავილის ვაქცინა, რომელიც არსებობდა და ფართოდ გამოიყენებოდა, საკმაოდ ეფექტურია ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ეს მოსაზრება თითქმის დამტკიცებულია, თუმცა ჯერჯერობით პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ. თუკი მსგავსი სიმპტომები გამოგივლინდებათ, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეთ. ჯერჯერობით, პანიკის საფუძველი და ქვეყანაში ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი არ გვაქვს.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×