დახურვა
სტილი
09.06.2022

ძაღლებზე კონტროლი და მათი მეპატრონეების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი ძაღლმა დაკბინა 

ბოლო პერიოდში არაერთმა მშობელმა გამოხატა უკმაყოფილება, რომ მათი შვილები ქუჩის მიუსაფარმა ან ე.წ. "პატრონიანმა" ძაღლმა დაკბინა. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს. ფაქტების შესახებ მოგვწერეს მშობლებმა ვარკეთილის ტერიტორიიდან და ასევე, თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, მიგვემართა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსათვის და გაგვერკვია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და ხომ არ იგეგმება რეულაციის გამკაცრება მსგავსი შემთხვევებისთვის:

"თუ ძაღლმა ადამიანი დაკბინა, მოქალაქეები გვიკავშირდებიან, მათგან ვიღებთ ინფორმაციას, გავესაუბრებით როგორც მეპატრონეს, ასევე, და შავებულს და შემდეგ უკვე ვიწყებთ ძაღლის მოძიებას. თუ ქუჩის მიუსაფარი ძაღლია,

ამ შემთხვევაში 10-დღიან დაკვირვებაზე გადაგვყავს, აუცილებელ ინფორმციას ვაწვდით დაშავებულს, რომ უნდა მიმართოს რაბიოლოგს და გაესინჯოს. თუ პატრონიანი ძაღლისგან მოხდა დაკბენა, ამ შემთხვევაში, როცა მეპატრონე ვერ ახერხებს ძაღლზე დაკვირვებას, განცხადების საფუძველზე ჩვენს სამსახურს თავშესაფარში გადაჰყავს და იქ აკვირდებიან." - გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებო ცვლილება, რომელიც იზრუნებს ქუჩის მიუსაფარი ძაღლების უსაფრთხოებაზე და ცხოველთა მეპატრონეებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს დაუწესებს:

"ამ ეტაპზე პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უფრო გამკაცრდება განსაკუთრებით მომატებული რისკის ჯგუფში შემავალი ძაღლების გასეირნების წესი და კიდევ ბევრი სხვა ცვლილებაა დაგეგმილი. ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებით დაჩქარდება კასტრაცია/სტერილიზაციის ტემპი. დედაქალაქში, ჩვენი სამსახური, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6000 ცხოველის სტერილიზაციას უზრუნველყოფს. მაგრამ რეგიონებიდან

კვლავ ხდება მიგრაცია, სახლებიდან ცხოველების, პატარა ლეკვების გამოყრა, რაც მიუსაფარი ცხოველების რიცხვის ზრდას იწვევს. ახლა დაგეგმილია, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია მასშტაბურად, მთელი საქართველოს ფარგლებში დაიწყოს, გამკაცრდეს რეგულაციები ცხოველების სახლიდან გამოყრასთან დაკავშირებით. ასევე, მკაცრდება მიდგომები მომშენებლებთან, ცხოველების ბაზრობებთან, რამაც საბოლოოდ უნდა მოგვცეს ის შედეგი, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რაოდენობა შემცირდეს და მეპატრონეებმა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, მოუარონ და გასეირნებისას სპეციალური წესები დაიცვან. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცდება. ვარკეთილში, სადაც აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა, განვათავსეთ საინფორმაციო დაფები, სადაც მოცემულია, რა ვალდებულებები აქვს ძაღლის მეპატრონეს და რა უნდა გაითვალისწინოს გასეირნების დროს. მსგავსი საინფორმაციო დაფები სტადიონების შესასვლელებთან, სხვადასხვა პარკშიცაა განთავსებული და დეტალური ინფორმაციიაა დატანილი. გარდა ამისა, თბილისის მერიამ ახლად რეაბილიტირებულ პარკებში ცხოველებისთვის სპეციალური, გასასეირნებელი სივრცეებიც მოაწყო და ეს სივრცეები სრულიად უსაფრთხოა", - გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ასევე, ამავე სამსახურის გვერდზე გამოქვეყნებულია დეტალური ინფორმაცია, რა ვალდებულებები აქვს ცხოველის მეპატრონეს და რას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით:

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეპატრონე პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და კეთილდღეობაზე.

მეპატრონე ვალდებულია ცხოველს მოუაროს, მისი ჯიშის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, კერძოდ უზრუნველყოს:

ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება;

ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა - მოწყობა, დათბუნება და განათება;

ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;

ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნა.

პატრონი ასევე ვალდებულია:

განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;

უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;

უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში.

უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.

ცხოველის გასეირნებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:

07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

23:00 საათიდან - 7 საათამდე, ნებადართულია: მოკლე საბმელით, საბმელით და ალიკაპით, ან ალიკაპით საბმელის გარეშეც.

დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.

ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება 120-დან 240 საათამდე შინაპატიმრობით, ვადით - 6 თვიდან 1 წლამდე; ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე; შინაპატიმრობით, ვადით 1-დან 2 წლამდე; ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×