დახურვა
სტილი
28.05.2021

ტელეწამყვანის, გადაცემის „გინდ დაიჯერეთ, გინდა არა“ ავტორისა და წამყვანის, დალი ფრიდონაშვილის ქალიშვილი, ნუკა კოპალეიშვილი ამჟამად იტალიაში ცხოვრობს და რომის ფეხბურთის ფედერაციის ინტერიერის დიზაინზე მუშაობს. „​დომუსის აკადემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ეს იყო ტოპუნივერსიტეტი, სადაც სწავლა მინდოდა. მეგონა, ვერასდროს შევძლებდი. როცა ჩავირიცხე, შემდეგ დაფინანსების მოძიებაც შევძელი. სტაჟირება მაშინ დავიწყე, როდესაც მილანში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და სახლიდან გასვლა შეგეძლო სასწრაფო გადაუდებლობის შემთხვევაში, ან სამსახურში. ინტერიერის დიზაინის სტუდიაში სამთვიანი სტაჟირება გავიარე. ამის შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია ერთ-ერთ საერთაშორისო სტუდიაში, რომელიც აგებდა არქიტექტურულ მოდელებს. ნორვეგიის ქალაქ ბერგენიდან სახელმწიფო დაკვეთა ჰქონდათ, გავაკეთეთ 30 კვ.მ.-ის არქიტექტურული პროექტი, რომელზეც ხუთი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, ახლა გამოფენენ და ამით ძალიან ვამაყობ. ამის შემდეგ ან უნდა მომეძებნა სამსახური, ან საქართველოში დავბრუნებულიყავი, რადგან მილანი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ძვირი ქალაქია საცხოვრებლად. იტალიაში პანდემიის პერიოდში სამსახურის მოძებნა ძალიან გართულებულია. 40%-იც კი არ მქონდა შანსი, რომ რამე მეპოვა. ჩემი ხასიათი ასეთია – არასდროს ვნებდები. რაც კი მილანში არქიტექტურული კომპანია იყო, ყველგან გავაგზავნე საბუთები. დამინიშნეს გასაუბრება ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც საოცარ პროექტებზე მუშაობს და ამიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირების მიღმა, არანაირი სამუშაო გამოცდილება არ მქონია. მათ დააფასეს ჩემი ნიჭი… ახლა ვმუშაობთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მთავარ ოფისს. ძალიან მიხარია, რადგან ამ კომპანიაში ერთადერთი ინტერიერის დიზაინერი ვარ, შესაბამისად, ამ პროექტში სრულად ვარ ჩართული. გრანდიოზული შენობა და ტერიტორიაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ოფისებს, არამედ საცურაო აუზებს, საფეხბურთო მოედნების და ჩოგბურთის კორტებს. პატარა ქალაქივითაა. ამ წუთისთვის ოფისების ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობ, შემდეგ გადავინაცვლებ აუზებისა და მოედნების დიზაინზე,“ – ამბობს ნუკა კოპალეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×