დახურვა
სტილი
17.08.2023

შოვის სტიქიისას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს ამზადებს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს გულსაბნევის ფოტოს, რომელიც შოვის ტრაგედიის შემდეგ შექმნა და წერს, რომ გულსაბნევს სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ადამიანების სულებს უძღვნის.

„ვინც ახლოდან მიცნობს, იცის როგორი ემოციური ადამიანი ვარ. ყველაფერს ასჯერ მეტად განვიცდი. შეიძლება გარეგნულად არაფერი მეტყობოდეს, მაგრამ შინაგანად ნაწილებად ვიგლიჯებოდე. შოვის სტიქიიდან მეცამეტე დღესაც ასე ვარ...

სტრესთან და ნერვიულობასთან გამკლავებაში ქარგვა მეხმარება, საყვარელი საქმე მეხმარება მოვწყდე ამ რეალობას და რამდენიმე საათით მაინც დავივიწყო, თუმცა სტიქიით გამოწვეული ემოციები იმდენად მძიმე იყო, დღევანდელ დღემდე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე...

დღეს ეს გულსაბნევი შევქმენი, რომელიც ეძღვნება ყველა გარდაცვლილი ადამიანის სულს და ყოველ მძივსა თუ ბისერში ჩაქსოვილია ის მძიმე კადრები და მოგონებები რისი გამოვლაც მოგვიხდა...

ის ფიქრები და ემოციები, რაც განვიცადეთ მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ.

ამხელა მწუხარებით გაჟღენთილი აქსესუარი აქამდე არ შემიქმნია..." - წერს მარიამ ბერიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×