დახურვა
სტილი
14.12.2023

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალი წლის ღონისძიებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა:

"თბილისი - ევროპული ქალაქი - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება. 15 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გელოდებით, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. მობრძანდით, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, ჩაიცვით თბილად და სასიამოვნო საღამო გველოდება.

16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. სოფელი ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე განთავსდება. ასევე, დედაენის ბაღში, სადაც პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო, ატრაქციონები დახვდებათ. ამავე პერიოდში, საახალწლო სოფელში მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, ცხელი სასმელების ბარი, საშობაო ბაზარი, საახალწლო ქალაქი-სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, საციგურაო და ყინულის მოედანი. იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოპები.

საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი სხვადასხვა ბენდისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს დაეთმობა.

მთლიანობაში 23 ჯადოსნური, მხიარული ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწვიოთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე. 15 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, დედაქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც აინთება." - განაცხადა თბილისის მერმა.

მთაწმინდის პარკს 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა აქტივობა აქვს დაგეგმილი. იქ დაგხვდებათ:

სპეციალური საახალწლო გასართობი პროგრამა

სანტა და ელფები

ზღაპრის გმირები

დრამერების შოუ

თეატრალური წარმოდგენები

საბავშვო ანსამბლების კონცერტები

ილუზიონისტის შოუ

თამაშები და პრიზების გათამაშებები

ჯადოსნური, საახალწლოდ მორთული გარემო

ატრაქციონები

და რაც მთავარია ყველაზე სუფთა ჰაერი ჯანსაღ სივრცეში

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ.

სააახალწლოდ სპეციალური პროგრამა აქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებასაც.

ჯადოსნური ახალი წელი, რომელიც იმ ტრადიციების შესახებ მოგითხრობთ, ახალ წელს მსოფლიოს უამრავ ქვეყანას რომ აერთიანებს ან, პირიქით, განასხვავებს ერთმანეთისგან. პროგრამა სახალისო და შემეცნებითია: გაეცნობით ამბებს ახალ წელთან დაკავშირებული სიმბოლოებისა და ატრიბუტების: ნაძვის ხის, თოვლის ბაბუას, მეკვლეობის ტრადიციის შესახებ; გაიგებთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალის გამოყენებით მოისმენენ და გაეცნობიან:

ახალი წლის აღნიშვნის მნიშვნელობას და ისტორიას;

კალენდრის არსს და მისი წარმოშობის ისტორიას;

ევროპისა და აზიის ქვეყნების საახალწლო ტრადიციებსა და თავისებურებებს;

ახალი წლის სიმბოლოების: ნაძვის ხის, ნაძვის ხის სათამაშოების, სანტა კლაუსის, მეკვლის და სხვათა მნიშვნელობას;

ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში.

ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ საახალწლო წეს-ჩვეულებებით. პროგრამა დასრულდება აქტივობით, რომელშიც მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნიან საახალწლო სიმბოლოებს და ატრიბუტებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯუფურად, ისე ინდივიდუალურად.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:

დეკემბერში ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" უკვე მე-700 ნომერი გამოვიდა.

ამ სიმბოლურ თარიღთან დაკავშირდებით, ჟურნალის რედაქცია პატარებს "ბიბლუსი გალერეაში", კაფე "პიატოს" სივრცეში უმასპინძლებს.ღონისძიებაზე, 16 დეკემბერს 14:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში გაიმართება (კანდელაკის 7), დასწრება თავისუფალია.

საგანგებოდ ამ დღისთვის პატარა მკითხველებმა ახალი წლის, თოვლის პაპის და ცნობილი გმირის, თოვლის გუნდას თემაზე ნახატები დახატეს, რომლებიც ღონისძიების მსვლელობისას გამოიფინება. პატარებს ჟურნალები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, რომლებიც პარტნიორებმა - "ბიბლუსმა", მაღაზიათა ქსელმა "პეპელამ" და "xs სათამაშოებმა", გამომცემლობა პალიტრა L-მა, "ნაბეღლავმა" და "ლოკო მოკომ" დააწესეს.

ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ.

მიუზიკლი "საშობაო სიმღერა" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 6 იანვრიდან გელოდებათ.

მიუზიკლის ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი: ლევან გვაზავა. მხატვარი ნინო კიტია, ქორეოგრაფი დათო მეტრეველი, კონცერტმაისტერი ნათია ჯიქია, მუსიკალური გაფორმება ლევან გვაზავასი.

სპექტაკლი მოგვითხრობს მთავარი გმირის, ებენიზერ სკრუჯის შესახებ, რომელიც ლონდონში 1834 წელს ცხოვრობდა. სკრუჯი, ძუნწი და დაუნდობელი გახლდათ, მას სძულდა დღესასწაულები და განსაკუთრებით, შობა.შობის ღამეს ხომ სასწაულები ხდება?!...

"საშობაო სიმღერაზე დასწრების შესაძლებლობა გაქვთ:

6 , 12 , 13 იანვარს 18:00

7, 11,20,21 იანვარს 13 :00

14 იანვარს 15:00

23, 24,25 იანვარს 12:00

30 იანვარს 15:00

23 დეკემბრიდან თბილისის ცირკი საახალწლო ზღაპარზე იწვევს პატარებს. გაიმართება წარმოდგენა "ჯადოსნური სამეფო".

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი 21 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პიოტრ ჩაიკოვსკის მაკნატუნა გაიმართება.

დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

საახალწლო პროგრამები აქვთ ბავშვთა გასართობ ცენტრებს (მაგალითად, ზალიკოს ცენტრს), ბავშვთა შემეცნებით დაწესებულებებს (ექსპერიმენტორიუმს) და ა.შ.

საახალწლო დღეებში ქართველი შემსრულებლები სხვადასხვა კონცერტს გამართავენ, კინოთეატრებში კი თემატური ფილმებისა და მულტფილმების ჩვენება გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×