გურიაში პიტბულის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
"ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში“, - აღნიშნა იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარდა პლასტიკური ოპერაციაც, ბავშვის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და დღეს პალატაში გადაიყვანენ. როგორც ექიმმა მედიასთან აღნიშნა, ლაზარეს შემთხვევაში კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან ბავშვის თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
"როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაციამ მოსალოდნელზე უკეთესად ჩაიარა. სკალპის 2/3 არის გადანერგილი ბავშვის სხეულიდან აღებული მასალით... 48 საათია კრიტიკული და შემდეგ 6 დღე. სიცხეები აქვს, მაგრამ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა დაშავებული ბავშვის ოჯახის ახლობელმა.
ორ კვირაში ლაზარეს მეორე ოპერაციას გაუკეთებენ, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.
შეგახსენებთ, ოზურგეთში ლაზარე და მისი 6 წლის ძმა ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა.