დახურვა
სტილი
11.06.2021

პური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ყოველდღიურ მენიუში. თუმცა, მისი სწორად შერჩევა და ზომიერად მოხმარება აუცილებელია. პურის საშუალებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს.

ნახშირწყლებიდან პური ძირითადად შეიცავს სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების და ტოქსინების გამოდევნას, ახდენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას.

რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებელი და ნაკლებია უჯრედანას და ვიტამინების რაოდენობა. ამიტომ, მაღალი ხარისხის ფქვილით გამომცხვარი პური, დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება. ამითომ, არ იკვებოთ ქათქათა თეთრი პურით!

პურის მოხმარების რეკომენდებული დღიური ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. სხვადასხვა დაავადების დროს მიირთვით სხვადასხვა დანამატებით დამზადებული პური, მაგ:

პური ქატოს დანამატით - შეკრულობის, ჭარბი წონის დროს

პური ცილის დანამატით - დიაბეტის დროს

პური კვლიავის დანამატით - შებერილობის დროს

პური იოდის დანამატით - ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

უმარილო პური - ჰიპერტონიისა და თირკმლის დაავადებების დროს.

გაითვალისწინეთ:

თუ პურის რბილობი ქათქათა თეთრია, პური კი უგემური - ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პური მდარე ხარისხის ფქვილითაა გამომცხვარი და ქიმიურად გათეთრებული

თუ ახალგამომცხვარი პურის რბილობი იფშვნება - ეს ნიშნავს, რომ პური დაბალი ხარისხისაა და მეწარმემ ცომში სხვადასხვა სახის დანამატები დაამატა

თუ პურის რბილობში თანაბარი, მცირე ფორების ნაცვლად დიდი სიცარიელეებია - ეს ნიშნავს, რომ ცომში გადამატებული რაოდენობითაა საფუარი, ან ქიმიური გამაფუებლები.

თუ რუხ და შავ პურს ჩაფშვნით წყალში, შეანჯღრევთ და წყალს მოყავისფრო შეფერილობა მიეცემა, ეს ნიშნავს, რომ პური შეღებილია და მასში ჭვავის ფქვილის ნაცვლად საღებავია დამატებული

თუ პურში მაგარი კოშტები შეგხვდათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეკონომიის მიზნით, მეწარმემ ცომში ძველი პურის დამბალი რბილობი შეაზილა და ისე გამოაცხო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×