დახურვა
სტილი
11.06.2021

სულ რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში კამპანია “გავუშვათ ნუცა Hollywood-ში” დაიწყო და მოწოდებაც ვირუსულად ვრცელდება. ამის პარალელურად ჩნდება კითხვა, ვინ არის ნუცა?! “

ის 19 წლისაა და მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. საქართველოში დაწუნებულს ამერიკის მსახიობთან ცნობილმა აკადემიამ The American Academy of Dramatic Arts – მა ზუსტად სამ დღეში საოცნებო პასუხი წერილობით აცნობა, ისინი ქართველ გოგოს სტუდენტობას ულოცავდნენ… ნუცას გეგმები დიდი აქვს – ბავშვობის დროინდელი ოცნების ახდენას არც თუ ისე სოლიდური თანხა სჭირდება, რომელიც თავად მომავალ მსახიობს არ აქვს. მეგობრებმა ურჩიეს, რომ სოციალურ ქსელში მხარდამჭერი კამპანია წამოეწყო და დაიწყო კიდეც…

“მე 19 წლის ნუცა ქილიფთარი ვარ, ამჟამად, მოდელების სახლ “მატერიაში” ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტად ვმუშაობ, ასევე თსუ-ში ფილოლოგიურზე ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი სფერო არ არის. ბავშობიდან მსახიობობა მინდოდა, ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მოუმზადებლად თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ პირველივე ტურიდან გამოვვარდი, ერთი-ორ დღიანი სევდა მქონდა, მაგრამ მაინც არ დავნებდი.

აქაურობაზე გული ამიცრუვდა და საზღვარგარეთ უნივერსიტეტების ძებნა დავიწყე, ხან იტალიაზე ვფიქრობდი, ხან – გერმანიაზე. ბოლოს, ამერიკაზე შევჩერდი და გადავწყვიტე საბუთები იმ აკადემიაში გამეგზავნა, სადაც ჩემი საყვარელი მსახიობი Sarah Paulson-ი სწავლობდა.

7 თვე მხოლოდ საბუთებს ვამზადებდი, სკოლიდან დახასიათებებიც კი მჭირდებოდა, მერე ბიუროკრატიული პროცედურები იყო და როგორც იქნა მოსმენა დამინიშნეს, ეს 3 მაისს იყო. მოსმენა კომენდანტის საათს დაემთხვა, ვერსად გავიდოდი და აივნიდან ჩავერთე, მოვამზადე ორი მონოლოგი – დრამატული და კომიკური. თავად კმაყოფილი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ მათაც მოეწონათ, მაგრამ არც იმდენად, რომ ჩამრიცხავდნენ.

მითხრეს, 2-დან 4 კვირამდე პერიოდში გახდება პასუხი ცნობილიო. ველოდებოდი დათქმული ვადის ამოწურვას, თუმცა მესამე დღეს, დილის 6 საათზე ამოუხსნელი მიზეზით გამეღვიძა, ელ-ფოსტა შევამოწმე და დავინახე სიტყვა Congretulation (გილოცავთ), მივხვდი, რომ ჩავირიცხე.

დილის 6 საათია, როგორ გინდა, რომ ამ დროს იყვირო, მაგრამ ხომ აუცილებლად უნდა იყვირო? ხოდა ვიყვირე. მშობლები მხარს მიბამდნენ, დედა თავად ოცნებობდა მსახიობობაზე და მითხრა, მე ვერ გავხდი მსახიობი, იქნებ შენ გახდეო.

მერე საქმე ფინანსებზე მიდგა. ვიცოდი, რომ სწავლების დაფინანსებას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი და  დაფინანსებაზე მიმოწერა დავიწყე. აკადემიას ავუხსენი როგორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ამის შემდეგ 8 000 დოლარით დამაფინანსეს, თუმცა შესაგროვებელი 32 000 დოლარი დამრჩა.

მერე საქართველოში მიმოწერა დავიწყე, ყველა უწყებას და კერძო პირებს მივწერე, ზოგმა უარი მითხრა, ზოგიც საერთოდ არ გამომხმაურებია. მერე, მეგობრებმა მირჩიეს, სოციალურ ქსელში კამპანია დამეწყო და ასე შემეგროვებინა სწავლისთვის საჭირო თანხა.

მართალია, 32 000 დოლარი მხოლოდ აკადემიის გადასახადია და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრების ხარჯებიც მექნება, მაგრამ ამაზე ხალხის შეწუხებას არ ვაპირებ. თავად ვიზამ რამეს. პირობა დავდე, რომ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და ვინც მწერს, რომ მსახიობობაზე ოცნებობენ, მათ გავუზიარო ჩემი პროფესიული გამოცდილება, იქნება ეს უნივერსიტეტის თუ კოლეჯის სახით…

ჯერ კიდევ შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რომ მე მართლა ჩავირიცხე და ვერც კი ვფიქრობ, როგორი იქნება ჩემი ჰოლივუდური პირველი დღეები, ალბათ შოკიდან დიდხანს ვერ გამოვალ. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები მხარდაჭერას გამოხატავენ და ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენს რიცხავენ, ძალიან მახარებს ტელეფონის ზარი, რომელიც მატყობინებს, რომ ვიღაც ჩემი ოცნებების ასახდენად დაიხარჯა.” – ამბობს ნუცა ქილიფთარი.

იხილეთ სრულად: პრაიმ ტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×