დახურვა
სტილი
17.03.2022

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ბავშვებიც საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილებებთან, თამაშობენ, სწავლობენ ან თანატოლებს ეკონტაქტებიან. სამწუხაროდ, ბევრ მშობელს უჭირს ზღვარის გავლება, სად მთავრდება ბავშვებისთვის გაჯეტების აუცილებელი საჭიროება და საიდან იწყება ეკრანდამოკიდებულება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის ფონზე გახდა, როდესაც სწავლება სკოლებში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბაღები დაკეტილი იყო. ნეიროფსიქოლოგი მარიკა არევაძე ჰყვება, რას გულისხმობს სინამდვილეში ეკრანდამოკიდებულება, რა იწვევს მას და მშობლებს სთავაზობს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რითაც პრობლემისგან გამოწვეული ზიანის შემცირებას შეძლებენ:

- ეკრანდამოკიდებულება ეს არის ტელევიზორზე ან გაჯეტზე (აიპედი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ.) მიჯაჭვულობა, რაც აზიანებს ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს. აქ მოიაზრება: ძილის, კვების, პირადი ჰიგიენის დაცვის, აკადემიური მიღწევის, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის პრობლემა და ა.შ.

მას ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია, თუნდაც როგორიცაა: 

ოფთალმოლოგიური ხასიათის პრობლემები, ჭარბწონიანობა, ძილის დარღვევა, კვების ჩვევის დარღვევა, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, პრობლემები სწავლაში, სენსორული ინტეგრაციის სირთულეები, ერთობლივი და წარმოსახვითი თამაშის სირთულეები, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სირთულეები (უპირატესად რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვებისთვის), თვითრეგულაციის უნარის დარღვევა. ეს უკანასკნელი გულისხმობს მისაღწევი მიზნის დასახვას, მიზნის მისაღწევი საფეხურების დაგეგმვას, მიზნის მიღწევაზე კონცენტრაციის შენარჩუნებას შინაგანი და გარეგანი დისტრაქტორების პირობებში, დაგეგმილი საფეხურების განხორციელებას და მიღწეული შედეგის მონიტორინგს/გაკონტროლებას. უნდა აღინიშნოს რომ ბავშვის/ზრდასრულის ფუნქციონირების თითოეული სფეროსთვის თვითრეგულაციას (აღმასრულებელ ფუნქციებს) კრიტიკული მნიშნველობა აქვს და ხშირად განსაზღვრავს აკადემიურ, პროფესიულ და სოციალურ მიღწევებს.

"ბავშვებს სჭირდებათ სოციალური ინტერაქცია და არა ეკრანთან ინტერაქცია" (ამერიკის პედიატრთა ასოციაცია). ეკრანდამოკიდებულ მოზარდებში ნეიროვიზუალური კვლევები მიუთითებენ ინფორმაციის გადამუშავების დაქვეითებულ უნარსა და იმპულსის დამუხრუჭების პრობლემაზე (Dong & Devito 2013), წამახალისებლის/ჯილდოს მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე და დანაკარგის მიმართ დაქვეითებულ მგრძნობელობაზე (Dong & Devito 2013),თავის ტვინის პათოლოგიურ აქტივობაზე, რაც კავშირშია დავალებასთან გამკლავების მწირ უნარებთან(Yuan 2011). იგივე ნეიროვიზუალური კვლევები ავლენენ ეკრანდამოკიდებულების მავნე ზეგავლენას თავის ტვინის ქსოვილზეც, შუბლის წილის ატროფიისა და თავის ტვინის ქერქის გათხელების სახით (Yuan, 2013).

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×