დახურვა
სტილი
19.03.2022

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ის 12 წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მომღერლის დედა - მანანა გვასალია ჟურნალ „თბილისებელთან" ჯაბას სიცოცხლის ბოლო წლებს იხსენებს.

„ჯაბა რომ ამ მდგომარეობაში იყო, მე ჩემი ტკივილები საერთოდ მავიწყდებოდა და მას ბოლო წუთებამდე ყველაფერს ისე ვუკეთებდი, როგორც თავიდან. უფლის დახმარებით გავაძლებინე 12 წელი. მეცამეტე წელს გარდაიცვალა. ჯაბას მეოთხე კლასიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია. არ იყო ხოლმე კარგად. მისთვის ზედმეტი ემოციები არ შეიძლებოდა. სიხარული იქნებოდა თუ მწუხარება, ზედმეტი ორივე აზარალებდა. ოპერაციის გაკეთება არ უნდოდა, თორემ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო. თუმცა, ეს ყოფილა მისი ბედისწერა.

ამ პრობლემების მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეზოში რომ შემოვიდოდა და დამიძახებდა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. სანამ ის არ მოვიდოდა, მე და ბებიამისი არ ვიძინებდით. ძალიან მიხაროდა მისი წარმატება. რა დღეები გვქონდა და ახლა?! 12 წელი სტაბილურად იყო. მცირე გართულებები ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მალე გამოდიოდა მდგომარეობიდან. ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად გახდა. სიცხეები ვერ დავუწიე. სულ აპარატზე იყო დამოკიდებული, რომელიც დილიდან საღამომდე ხელში მეჭირა. ისე ცუდად იყო, მთელი დღეების განმავლობაში აპარატს ხელს ვერ ვუშვებდი.

ძალიან ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა და დგომა ვეღარ შევძელი. ვიფიქრე, ათი წუთი დავჯდები-მეთქი და ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, საათს შევხედე და 15 წუთი იყო გასული. რომ მივედი, უკვე აღარ იყო, თვალები და პირი ღია ჰქონდა დარჩენილი. არ დავიბენი, სასწრაფო გამოვიძახე და რაც შემეძლო, მეც ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ მის მდგომარეობას რომ შევხედე, ყველაფერი გასაგები იყო. ჯაბამ ის 12 წელი ისე მიმაჩვია მის ავადმყოფობას, ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მეგონა, ისევ ცუდად იყო. ბევრჯერ ახლაც ოთახში იმ განცდით შევდივარ, რომ იქ ჯაბაა, მისთვის საჭმლის მოსამზადებლად გავდივარ ხოლმე. მისი წასვლა კიდევ იმიტომ გადავიტანე, რომ ჯაბამ მიმაჩვია ამ მდგომარეობას 12 წლის განმავლობაში. ეს რომ უცებ მომხდარიყო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი", - იხსენებს მომღერლის დედა.

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×