დახურვა
სტილი
09.04.2022

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემებზე საუბრობს.

როგორც ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციების გამო, ერთ-ერთმა კომპანიამ რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობას აფინანსებდა, დაფინანსება შეწყვიტა, რის გამოც მისი თქმით, ბევრი პაციენტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და მკურნალობას ვეღარ აგრძელებს.

"საქმე ასეა ძვირფასებო, ძალიანაც ვემხრობი ისეთ შეზღუდვებს, თუ მოზარდებს და ახალგაზრდა ხალხს აზარტულ თამაშებში ჩართვის შესაძლებლობას უჩერებს. რამდენად ეფექტურად ხორციელდება ეს, დარწმუნებული არ ვარ თუმცა. აგერ რომელიღაც ქალაქის ნორჩ მერსაც მოუგია ავტომობილი, ულოცავენ. კარგი მაგალითია, ჩემმა მზემ. ჰოდა გემახსოვრებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც რაიმე ნიშნით ყელზე ვადგავარ, სხვა ფსიქოთერაპიის ცენტრებში ევროპაბეთის მიერ დაფინანსებული თერაპიის პროგრამები რომ არც კი შეუნიშნავთ, მაგრამ მე რომ მათრიეს ამ ჩემი სათრევად მადისაღმძვრელი კაწაწებით (თმებით მაშასადამე), ეს რა ჩაიდინე, როგორ დაეთანხმე პაციენტების მკურნალობას, ამით ხომ კაზინო გაათეთრეო. სადღაც მეწყინა უნდობლობა, ვითომ რომ ეგონათ "გავმდიდრდი".

ჯერ ჩემს კეთილსინდისიერებაში რომ გაბედეს ეჭვის შეტანა და ამავდროულად კაზინოს "არიფობა" დაიჯერეს, რომ ვინმეს ეს ბიზნესი გაამდიდრებდა. სადღაც ისიც გამიხარდა, რომ რასაც ვეხები, ყველაფერი თეთრდება მათი აზრით, რაშიც საკმაოდ არათავმდაბლურად კიდეც ვეთანხმები, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით - კაზინოს შეთეთრების რა გითხრათ და უამრავი პაციენტი, რომელიც პირველივე დღეს ჩაეწერა და უწყვეტად ეწერებოდნენ შემდეგაც და მათგან უმეტესობა თვითმკვლელი იყო, დღეს ბედნიერია და საღ ცხოვრებაში დაბრუნდა. კანონების ცვლილების შემდეგ ევროპაბეთმა აღარ გააგრძელა უფასო თერაპიის პროგრამის დაფინანსება და ის პაციენტები, რომლებსაც დასრულებული არ ჰქონდათ თერაპია, პანიკამ მოიცვა. ვერ ვუღალატებდით და ჯერ კიდევ ჩვენთან დავტოვეთ, სრულიად უფასოდ ვემსახურებით, ასე გვინდა და იმიტომ.

ახლებს ვეღარ ვიღებთ უბრალოდ, რადგან პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენ არც ისე დიდი ცენტრი ვართ, არავითარი შეღავათი არ გვაქვს არც გადასახადების და არც სხვა კუთხით, ჰოდა უბრალოდ გავისრისებით და გავქრებით, თორემ უდიდესი სიხარულით გავაჩუქებდით ჩვენს შრომას, ენერგიას, სასიცოცხლო დროს. მაინც რომ იცოდეთ ეს ამბავი და იქნებ სახელმწიფოს ხალხზე მოამაგე კანონმდებლებს პაციენტების დარდიც გაუჩნდეთ ცოტა.

დაავადებას აკრძალვა ვერ აქრობს. როგორც ნაცების დროს ნარკოტიკის აკრძალვამ ვერ გააქრო დაავადება, იგივეა ახლაც. პაციენტების დიდ ნაწილს ფასიანი სერვისის მიღების საშუალება არ აქვს," - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისათვის, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 მარტიდან იკრძალება რეკლამა "აზარტული თამაშების" შესახებ და 25 წლამდე პირის რეგისტრაცია აზარტული თამაშების ონლაინ საიტებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×