დახურვა
სტილი
22.04.2022

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში 10 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორიაზე წერს, რომელსაც ოკუპანტებმა დედა მოუკლეს. ვოვა დედასთან ერთად საჰაერო განგაშს, რუსულ რაკეტებს, ოკუპაციას, სისასტიკეს, წამებას და სიკვდილს 3 კვირა ემალებოდა.

„10 წლის უკრაინელი ვოვა დედის დაკრძალვაზე. ვოვა პუტინის ომმა ჯერ უკრაინელების ტანჯვის თვითმხილველი გახადა და ბოლოს დედის გარეშე ცხოვრებისთვის გაწირა. იმ ასაკში ნახა პუტინის ომი და ბარბაროსული საბრძოლო მოქმედებები, როდესაც სწავლაზე, თავისუფალ დროს გართობაზე უნდა ეფიქრა და მშობლების სიყვარულით, სითბოთი, ალერსით ყოფილიყო გარშემორტყმული.

დაკარგა ყველაზე ძვირფასი. ვოვას პუტინის უაზრო ომმა დედა წაართვა. რუსული რაკეტა სამალავს მოხვდა. ამ ომში რუსეთის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. ვოვას იარაღი არ ჰქონია. არც სამალავში მყოფი სხვა ადამიანები ყოფილან შეიარაღებული. ვოვას და მის თანატოლებს ომი არ სურდათ... მშვიდობაზე, ბედნიერებაზე, თავისუფლებაზე ოცნებობდნენ... დედის საფლავთან მდგარი ვოვა ყველა ობოლს განასახიერებს... არავინ იცის, რა ხდება პატარა ბიჭის გულსა და თავში ამ წუთებში...

ვოვასთვის ახლა დაიწყო დედის გარეშე ცხოვრების აუტანელი სიმძიმე... ომმა ათასობით პატარა ობლად დატოვა... 200-ზე მეტი ბავშვი სიცოცხლეს გამოასალმა... 24 თებერვლამდე სხვა ცხოვრება იყო, სხვა მიზნები, სხვა ოცნებები და 24 თებერვლის შემდეგ ვერავინ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე... მით უმეტეს, ვოვა...

მალე ვოვამ დედას ბუჩაში სასაფლაოზე უკრაინის გამარჯვების შესახებ უნდა მოუყვეს... მანამდე ბრძოლაა... ჯერ ისევ ომია... სამძიმარი დაღუპულებს, ობლად დარჩენილებს, შვილის სიკვდილით გამოწვეულ სიცარიელესთან მებრძოლებს და თითოეულ უკრაინელს... დიდება უკრაინას." - წერს ქეთი ქარდავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×