დახურვა
სტილი
23.06.2022

ლუკა შუბითიძე 9 წლის ბიჭია, რომელმაც გურული სისხარტითა და ენამოსწრებულობით ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.

"ნანუკა ჟორჟოლიანის ჟურნალისტებმა ლუკა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. რამდენიმე დღეში სიუჟეტი ჩაწერეს მასთან და ნანუკასთან პირდაპირ ეთერშიც მიგვიწვიეს. მერე მოხდა, რაც მოხდა და ეს, მგონი, ყველამ იცით. ძალიან დიდი ყურადღება და სიყვარული ვიგრძენით ლუკას მიმართ. ვგრძნობ, რომ დღეს ჩემი შვილი პოპულარულია, ქუჩაში დიდი სიყვარულით ხვდებიან და ძალიან ბედნიერია. უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის ნანუკას და მის გუნდს. მეც უზომოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 9 წლის ასაკში ჩემს შვილს მთელი ქვეყანა იცნობს. ამ მხრივ, დიდი ცვლილება მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა უცვლელია ის, რომ ჩვენ ისევ ხელმოკლედ ვცხოვრობთ. ახლა თბილისში ჩამოვედი სამსახურის საძიებლად. შვილების დატოვება კიდევ ერთხელ მომიწია. აქამდე ქუთაისში ვმუშაობდი და ბავშვის გადაღებებისთვისაც კი ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, უფროსი ამის უფლებას არ მაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში გადმოვსულიყავი და როცა ლუკა აქ ჩამოვა გადაღებაზე, მის გვერდით ვიქნები. მე ლუკას გარდა კიდევ ორი შვილი მყავს, ლუკას ტყუპისცალი გოგონა და უფროსი ბიჭი, რომელიც 11 წლისაა. ბავშვები ძალიან განიცდიან, ერთად რომ არ ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო და იმედია, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება...

 ლუკა გურიაში რომ არ ცხოვრობდეს, მერე ის გურული ბაღანა აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ხან აქ მეყოლებიან, ხან – იქ, მაგრამ მინდა, უფრო მეტი დრო გურიაში გაატარონ. განშორება მოგვიწევს, მაგრამ ვეცდები, შვილები ხშირად იყვნენ ჩემთან. როცა ქუთაისში, სასტუმროში ვმუშაობდი დიასახლისად, შვილები ოთხი თვე არ მყავდა ნანახი. სხვა კადრი არ ჰყავდათ და სამსახური რომ არ დამეკარგა, იძულებული ვიყავი, სულ მემუშავა...

ლუკა რომ დაიბადა, ფილტვის შეშუპება ჰქონდა, რამაც გამოიწვია ტვინისა და გულის შეშუპება. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მინდა, მის მკურნალ ექიმს, ნინო ჯაჯანიძეს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მისი დამსახურებაა ლუკა რომ დღეს ცოცხალია. ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო, მაგრამ გადარჩა. სამივე შვილი ჩემთვის უფლის საჩუქარია, მაგრამ ამის გათვალისწინებით, ლუკა – განსაკუთრებით. ის პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება. დედა-შვილმა ერთმანეთის გამო ერთად მოვახერხეთ, სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. მე მოვიწამლე და სეფსისი დამემართა. ორივე ერთად ვებრძოდით სიკვდილს და მადლობა ღმერთს, გადავრჩით", - განუცხადა თამთა გიორგაძემ (ლუკას დედა) "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×