დახურვა
სტილი
10.07.2021

ასტროლოგი რამაზ გიგაური   10 ივლისის ახალმთვარეობაზე წერს და უახლოესი ერთი თვის მნიშვნელოვან ამბებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ნებისმიერი ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით რთული დღეა და სასურველია ამ დღეს (+/- 1 დღე) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.

„2021 წლის მეშვიდე ახალმთვარეობა 10 ივლისს იქნება და ის თბილისის დროით, 5:17 საათზე დადგება. ამ დროს მზეც და მთვარეც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება და ბუნებრივია, შემდგომი ერთთვიანი პერიოდი ემოციური იქნება. ნებისმიერი ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით რთული დღეა და სასურველია ამ დღეს (+/- 1 დღე) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.

ეს ახალმთვარეობა კირჩხიბის მე-19 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი საბიანური კალენდრის მიხედვით მოუწესრიგებელ, ანარქიულ გამოვლენებზე მიანიშნებს, ხოლო ადამიანებში გარკვეულ ასოციალურობაზეც მიუთითებს. არ არის გამორიცხული დაუკავშირდეს სკანდალს და ხმაურიან სიტუაციებს.

გარდა ამისა, ეს არის ადამიანში წარსულის და მომავლის, ასევე ცნობიერისა და ქვეცნობიერის ბრძოლა და გარკვეული ასიმილიცია. ადამიანი თითქოს იხლიჩება წარსულსა და მომავალს შორის და უხდება ამ ორი განზომილების აწმყოსთან როგორღაც დაკავშირება. ეს ასევე შეიძლება იყოს ემოციური რყევა ძველ და ახალ კავშირებს, ფასეულობებს, საქმეებს, პროექტებს, იდეებს შორის.

ასტროფსიქოლოგიურ დონეზე სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე.

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-12 სახლთან, თუმცა ასცენდენტთან შეერთებაში, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს მსჯავრდებულებთან, საპყრობილეებთან, საავადმყოფოებთან, ასევე უშიშროების სამსახურთან და სადაზვერვო სამსახურთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოიმატებს რელიგიასთან დაკავშირებული სკანდალის ალბათობაც. ასევე მოსალოდნელია გართულდეს ეპიდემიასთან, სტიქიური უბედურებებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებული საკითხები (ყურადღებას ითხოვს ცეცხლის და წყლის სტიქიასთან დაკავშირებული მოვლენები, ამიტომ ორმაგი დატვირთვით მოუწევთ მუშაობა მეხანძრეებს და ზღვაზე მომუშავე მაშველებს).

ამ პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის მოსალოდნელია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგეს, განსაკუთრებით უახლოესი 5-6 თვის პერიოდის ფორმირებისთვის.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის მე-18, მე-19 და 20-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.

* კირჩხიბების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ გადახედონ საკუთარ ინიციატივებს, წამოწყებებს, ასევე ფინანსურ შემოსავლებს და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გამოავლინონ.

* ასევე მნიშვნელოვანი იქნება წყლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - მორიელებისთვის და თევზებისთვის. ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. არ არის გამორიცხული მათ შეძლონ ძველი პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით შემოქმედებით პროექტებთან, პირად ცხოვრებასთან, სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.

* კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებს შექმნის. გარდა ამისა, მოსალოდნელია მათი დახმარება გარშემომყოფებს ან სულაც უცნობ ადამიანებს დასჭირდეთ. მათ ცხოვრებაში წინ წამოიწევს მეგობრული კავშირები, თანამოაზრეებთან ურთიერთობა, ასევე საჭირო ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის საკითხები. რაც შეეხება თხის რქებს, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი ემოციური განტვირთვა, დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა.

* მცირედით დისჰარმონიული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება პრიორიტეტული საკითხების მოგვარება და ინფორმაციის ეფექტიანად გამოყენება. გაზრდილი იქნება იმის ალბათობა, რომ მათ ენერგია და დრო მეორეხარისხოვანი საკითხების მოგვარებაში გაფლანგონ, რაც ცხადია, არასწორი იქნება.

* შედარებით რთული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძისთვის ლომისთვის და მშვილდოსნისთვის. მათ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ეს განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებს და ურთიერთობებს ეხება. არ არის სასურველი წინდაუხედავად მოქმედება. რეკომენდებულია წინსვლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად. ასე წარმატების მიღწევა უფრო რეალური იქნება.

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“- წერს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×