დახურვა
სტილი
20.04.2023

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოკლე ამონარიდს გვიზიარებს მისი წიგნის წინასიტყვაობიდან, რომელიც სულ მალე გამოვა.

ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერილი წიგნის წინასიტყვაობის ავტორი - მწერალი აკა მორჩილაძეა.

გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას იწყებს: „მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს, არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა"

„ჩემი წიგნის ("ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი") წინასიტყვიდან, რომელიც აკა მორჩილაძემ დაწერა:

„კი არ ვიცნობ, მაგრამ ცხადია, ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობობებით იოლას გასვლაა მისი საქმე. არ იზამს ამას, არ არის მაგის კაცი: თორემ მოედანზე არტისტობას რა უნდა. არ იზამს, იმიტომ რომ ნამდვილი თამაშის, ნამდვილი გრძნობის, ნამდვილი უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია. პატიოსნებს ხვდებათ, მაგრამ პატიოსნები პატიოსნები არიან და დარტყმის მიღებას ადრიდანვე სწავლობენ.

ეს წიგნი, პირველი წიგნია ხვიჩა კვარცხელიას, მისი ოჯახის, მისი თამაშის შესახებ.

ასეა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს თავ-თავიანთი ფეხბურთი აქვთ. ყველას თავისი და განუმეორებელი. ის განთქმული, თუ გაცვეთილი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ჩვენ, ჩვენ ბავშვობიდან მოვდვართ და ყველას ჩვენი წილი ბავშვობის ფეხბურთი გვაქვს. გიორგი კეკელიძესაც აქვს თავისი ფეხბურთი: საინტერესოდ დასანახი და მერე დახლართული საფეხბურთო გზებით გარდამავალი ამ დღევანდელ, ორიოდ წლის წინათ სრულად მოულოდნელ ამბავში: დღიდან დღემდე ნაპოლის თამაშების მოლოდინში.

თუმცა, ეს ცალკე ისტორიაა. საუცხოო კი ის არის, რომ ფეხბურთი კვლავაც შეიძლება იყოს კარგი ფიქრების, საუცხოო წარმოსახვის, კეთილი ოცნებების, ნამდვილი განცდების მქნელი ადამიანის თავში და ამ შემთხვევაში, მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ისე უნდა, ისე უყვარს და ისე შეუძლია, რომ შენ, მის მაყურებელს თავში არც მოგვცა, მისგან განსხვავებული იყო, თუნდაც იმ საათ-ნახევრის განმავლობაში, როცა ჯადოსნურ რამეებს ელი და საჩუქარი არ აყოვნებს. ამაზე უკეთესი კი, რა უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ამ ... როგორც არის. მთავარია, ეს გვაქვს". - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×