დახურვა
სტილი
18.09.2023

რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ მან „ფორმულას" ეთერში, გადაცემაში „მე-17 სართული" განაცხადა.

აღნიშნულის მიზეზად ლევან წულაძე საშემსრულებლო ხელოვნების თეატრის „თეატრი სახელოსნო 42"-ის გახსნას ასახელებს.

„როგორც კი 25-ში გავხსნით თეატრს, მე სამინისტროში მივალ და დავწერ განცხადებას...

ტყუილს არ ვიტყვი, მინისტრმაც და სხვებმაც მითხრეს ორივეგან იყავიო, მაგრამ ვერ შევძლებ. შემდეგ ალბათ, მეტყვიან, როდის წამოვალ.. ვიღაცას შეიძლება გაუხარდა, ვიღაცას შეიძლება ეწყინა.. ეგონათ, რომ მე რაღაცნაირი გაბრაზებული მივდივარ, შემდეგ დავარწმუნე, რომ ეს კონფლიქტის საფუძველზე არ ხდება. მე მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო ყველას მიმართ", - განაცხადა ლევან წულაძემ.

ლევან წულაძის ხელმძღვანელობით, „თეატრი სახელოსნო 42" მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის. „თეატრი სახელოსნო 42"-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორსა თუ სამსახიობო დასს უმასპინძლებს.

პირველი სპექტაკლი, რომლითაც „თეატრი სახელოსნო 42" მაყურებლის წინაშე წარდგება, „ოტელო" იქნება და მისი პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×