დახურვა
სტილი
08.03.2024

მსახიობი ნინო მუმლაძე შვილს ელოდება. ნინო ახლახან დაოჯახდა. ვინ არის მისი რჩეული და რატომ ასაიდუმლოებდა ორსულობას მსახიობი, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, დედა აუცილებლად გავხდებოდი - ამის სურვილი სულ მქონდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანი ჯერ პიროვნულად უნდა შედგეს და სხვა მერე აღზარდოს. არ მივესალმები, როცა ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში აჩენენ. მგონია, ასეთ დროს გაჩენილი ბავშვი ნაწილობრივ, "თავისით" იზრდება... ბავშვი მაინც ოჯახის, მშობლების სარკეა და იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს, თვალწინ ჩამოყალიბებული პიროვნების მაგალითი უნდა ჰყავდეს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჯობდა, შვილის გაჩენის ამბავი ცოტა უფრო მომწიფებულ ასაკში მომხდარიყო. შეიძლება ვიღაცისთვის ჩემი ასაკი უკვე ნამეტნავად მომწიფებულია, მაგრამ თუ მსოფლიოს ტენდენციას თვალს გადავავლებთ, ქალები დაოჯახებაზე ფიქრს ზუსტად ჩემს ასაკში იწყებენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით, ყველას ინდივიდუალური მეთოდი აქვს. რაკი ამის პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ მქონია, წინასწარ რამის თქმა რთულია.

- თითქოს ორსულობა ძალიან გაასაიდუმლოე - ამის შესახებ საზოგადოებამ კარგა ხანს არ იცოდა...

- ჰო. ნაადრევი აჟიოტაჟი არ მინდოდა. მსურდა, ყველაფერში "დავლაგებულიყავი", დავმშვიდებულიყავი... საბოლოოდ ვერ დავმალავდი - მუცელი ხომ იზრდებოდა, არა? ასე თუ ისე, ეს მაინც გამოჩნდებოდა. უბრალოდ, ნაადრევად რაღაცების თქმა, ჩემს პირად ცხოვრებაში ხალხის ჩარევა არ მინდოდა. სანამ ბავშვმა შესამჩნევად არ "წამოყო თავი", არაფერს ვამბობდი (იცინის).

- სქესის წინასწარ გაგება ორივე მშობლის სურვილი იყო?

- სიმართლე გითხრათ, ეს სასაცილოდ მოხდა: ყოველთვის ბიჭი მინდოდა, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა. სქესის გაგებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ღონისძიების მოწყობას არ ვაპირებდი, მაგრამ ორსულობის მე-12 კვირას, ექოსკოპიაზე რომ მივედი და უბრალოდ ვკითხე, სქესი ჩანდა თუ არა, პასუხად მაშინვე მივიღე - კ...უ აბიაო (იცინის)!.. ძალიან მოულოდნელი იყო. გულში გამეცინა - ახლა სპეციალური ღონისძიებების მოწყობა მოდაშია. იქნებ, მეც რამე მქონდა ჩაფიქრებული, მაშინვე რატომ "მაჯახა"-მეთქი?!

- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა შენი ორსულობის, მერე კი უკვე ბავშვის სქესის შესახებ შეიტყო?

- მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. გამოცდილი მამა გახლავთ - გოგოსთან ურთიერთობა იცის. რატომღაც, ორივეს გვეგონა, რომ ჩვენი შვილიც გოგო იქნებოდა. მშვიდად იყო. ახლა ბიჭმა ააფორიაქა - ბიჭის მამობა სულ სხვა პასუხისმგებლობაა, მისთვის სულ სხვა მაგალითი უნდა ვიყოო... ცოტათი აღელვებულია.

- შენს რჩეულზე საუბრისგან თავს იკავებდი ხოლმე. ახლა მაინც გვითხარი, - ვინ არის, რომელი სფეროს წარმომადგენელია?..

- ჩემი მეუღლე მხატვარი, პროფესიონალი ფერმწერი - გუგა გოგინაშვილი გახლავთ. უბრალოდ, საჯაროდ გამოჩენა თავად არ უყვარს. ბევრი ტელევიზიიდან დაგვირეკეს - სხვადასხვა გადაცემაში გვეპატიჟებიან, მაგრამ სულ უარს ამბობდა. კამერების წინ ზედმეტად გამოჩენა არ მოსწონს. ახლახან ფილმის პრემიერაზეც კი არ წამომყვა - ჟურნალისტების თავი არ მაქვსო და ხომ არ დავაძალებ?!.

- ბავშვისთვის სახელი ხომ არ შეგირჩევია?

- სახელთან დაკავშირებით დიდი ორჭოფობა გვაქვს - ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით. გარკვეული ვარიანტები გვაქვს. ალბათ, სანამ არ დაიბადება, მაინც ვერ მოვიფიქრებთ.

- მეუღლის გოგონამ თუ იცის, რომ ძამიკო ეყოლება? როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- ჯერ ძალიან პატარაა - 4 წლის გახლავთ. ვუთხარით, მაგრამ მის ცნობიერებაში ეს ყველაფერი სხვანაირადაა. ერთი ის თქვა, - ტკბილეულს ვაჭმევო. რადგან კონკრეტულად ის ტკბილეული დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ეტყობა, მისთვის ეს ამბავი მისაღებია (იცინის).

- ოჯახურ თანაცხოვრებაზეც მოგვიყევი - შინ საქმე როგორ გაქვთ განაწილებული?

- ახლახან ცალკე გადავედით. მეუღლე ხელს მიწყობს, რადგან მუშაობის მერე, როგორც წესი, შინ დაღლილი ვბრუნდები - რა თქმა უნდა, იმდენი ენერგია აღარ მაქვს, რამდენიც ორსულობამდე მქონდა. როცა მეუღლე ხედავს, რომ დაღლილი ვარ, ოჯახურ საქმეებში საკმაოდ მეხმარება. თავადაც არ სცალია - მუშაობს, მაგრამ მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ხანდახან დედა და დეიდაც მეხმარებიან. ჩემს მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და ცდილობენ, მაქსიმალურად შემიწყონ ხელი, რომ რამე არ გამირთულდეს... პრინციპში, ჩვენი ცოლქმრობა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდისგან დიდად არ განსხვავდება. მგონი, ჯერ კიდევ ერთად ცხოვრების პირველი ეიფორია გვაქვს - განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

- მეუღლე რომანტიკულია?

- გარკვეულწილად, კი. პოეზია, სიურპრიზების მოწყობა უყვარს. ძალიან ემოციურია. ვერ ვიტყვი, რომ დაგეგმილად რაღაცებს აკეთებს, მაგრამ იმპროვიზაციით სიურპრიზების მოწყობა სჩვევია, რაც სასიამოვნოა.

- რამდენი ხანია, რაც დაოჯახდით?

- რეალურად, ბინის მოწესრიგებას ველოდით. ეს ამბავი ამიტომ გაიწელა. როგორც კი მოვახერხეთ, ერთად საცხოვრებლად გადმოვედით. ეს ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში მოხდა.

- პატარას როდის ელოდები?

- დაახლოებით, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.

- ჰოროსკოპს ყურადღებას აქცევ?

- კი. ზოდიაქოს მიხედვით, ჩემი შვილი ტყუპის ნიშნის ქვეშ დაიბადება. "ტყუპი" ცოტათი რთული, არასტანდარტული, მოულოდნელობებით აღსავსე ადამიანები არიან. ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვთ. დედაჩემიც ტყუპის ნიშნის ქვეშაა დაბადებული, ბებიაც... ჩემი მეუღლეც "ტყუპის" "მონათესავეა" - "სასწორი". ვხუმრობ ხოლმე - ამდენ ჰაერის ნიშანთან ერთად, ორპირში მოვხვდი, არ გავცივდე-მეთქი (იცინის). თავად "ლომი" ვარ და ვიცი, ჰაერის და ცეცხლის სტიქიები ერთმანეთს კარგად ეწყობიან. იმედი მაქვს, ჩვენი დედაშვილური ურთიერთობა კარგად აეწყობა. გარდა იმისა, რომ "ტყუპის" ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არაპროგნოზირებადობა ახასიათებთ, ასევე, ჯიუტები არიან. იმედია, ურთიერთობის კომფორტულად დალაგებას მაინც შევძლებთ...

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×