სტილი
(24.06.2021)

ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის ახალმა, ემოციურმა, ტრაგიკულმა და საკმაოდ შთამბეჭდავმა ფოტოებმა, რომლის თემაა „არა ძალადობას“, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც თავად ამბობს, ამ ფოტოსესიის მთავარი იდეა ძალადობის მიმართ ქალების დუმილისა და ჩაგვრის გამოხატვაა და პროტესტი – ყოველივე ამასთან დაკავშირებით. ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოიარა, თუმცა, იბრძოლა და დღეს ბედნიერია.

თამო ვაშალომიძე: ძალიან ბუნჩულა, გულუბრყვილო ვიყავი. სკოლაშიც ხშირად მჩაგრავდნენ. შემდეგ, თბილისში ჩამოსულს, კილოს გამო მაბულინგებდნენ. მერე ბევრი ვიმუშავე საკუთრ თავზე და ყველაფერი გავაკეთე, თავიდან დავბადებულიყავი ახალ ადამიანად. ჩემი თავი დავაჯერე, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, თუ უფრო ძლიერი გავხდებოდი და ამის მერე აღარავინ დამჩაგრავდა, წარმატებასაც მივაღწევდი და ჩემს ადგილსაც ვიპოვიდი ამ სამყაროში. თუ ამას საკუთარ თავს დააჯერებ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა და ვერც ვერავინ დაგჩაგრავს.

მე ეს ყველაფერი გადავლახე, ვიბრძოლე და არ დავნებდი. ბავშვობიდან გამიჩნდა იმის კომპლექსი, რომ მქონდა პუტკუნა ლოყები.. ყველა ამას უსვამდა ხაზს – მეგობრებიდან და კლასელებიდან დაწყებული, ოჯახის წევრებით დამთავრებული. ყველა აღნიშნავდა: რა პუტკუნა ლოყები გაქვს, რა მსუქანი ხარ... თავს ვაჯერებდი, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პლუსი, ანუ, ვცდილობდი კომპლექსები კი არა, დადებითები დამეჭირა საკუთარ თავში. წლების მერე, დავიკელი წონაში, საკმაოდ გავხდი, მაგრამ დღემდე მომყვება იმ პუტკუნა ლოყების კომპლექსი, ბოლომდე ვერ გადავლახე. მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებამ და ცნობადობამ, დიდი გამოცდილება შემძინა. პრინციპში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახალ ადამიანად დავიბადე. დროთა განმავლობაში, როცა დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება, მარტოს მომიწია ყველაფერთან ბრძოლა. მე, საკუთარი თავისა და ბებიის გარდა, არავინ მყოლია. როცა გაჭირვებაში სრულიად მარტო რჩები, ძალიან რთულია. გინდა თუ არა, ავტომატურად ირთვება და იღვიძებს თვითგადარჩენისა და ბრძოლის ინსტინქტი.

ჩვენ გარშემო არიან ქალები, ჩვენი მეგობრები, მეზობლები, უბრალოდ, ნაცნობები, ვინც ღიმილის უკან ბევრ

ტკივილს მალავენ, არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ ჰგონიათ, რომ მათ არავინ დაუდგებათ გვერდში. დიდი ხანია, ასეთი ფოტოსესიის გაკეთება მინდოდა, უბრალოდ, ვერ მოვიცალე. მინდოდა, ზოგადად, ძალადობის მიმართ გამომეხატა პროტესტი და ამ ფოტოსესიაში, რაც შემეძლო, მაქსიმუმი ჩავდე. უამრავი მკვლელობა ხდება, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს სწირავენ... ამას ძალიან განვიცდი. შეიძლება, ისე გაბოროტდე ადამიანი, საკუთარი შვილის დედა, რომელიც გიყვარდა, გაიმეტო, ყელი გამოსჭრა და მოკლა?! ამას გარდა, ხდება დამცირება, ბულინგი, ცემა, ყვირილი... მე ბავშვობაში, გარდა ფსიქოლოგიურისა, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი, მათ შორის გაუპატიურების. ყველაფერმა ერთობლივად მოიყარა თავი, პლუს ამას, რაც ხდება ჩვენ გაშემო და ამ ფოტოებით გამოვხატე პროტესტი. 

ბედისწერის არ მჯერა, თუმცა, ასე თუ წავიდოდა ჩემი ცხოვრება და ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი, ამაზე არც ვფიქრობდი. ეს, რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ჩემი წვალებისა და ბრძოლის შედეგია. ალბათ, რა რთული გზაც გამოვიარე, იმით დავიმსახურე ეს ბედნიერება. იმ რთული გზის გავლა კი ამ ყველაფრისთვის ნამდვილად ღირდა.

იხილეთ სრულიად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე