სტილი
(21.04.2022)

მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი იმ იშვიათი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სოციალურ ქსელებს ბევრ დროს არ უთმობენ. დავინტერესდით, მოცეკვავე რომელი ქსელების მომხმარებელია და ვირტუალურ სამყაროში მის ყურადღებას რა იქცევს...

"სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში ცოტათი უფრო გავაქტიურდი. დაახლოებით 10 წლის წინ "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი, 5 წლის წინ კი - "ინსტაგრამზე". იმ მიზნით არ დავრეგისტრირებულვარ, რა მიზნითაც ახლა ვიყენებთ, რომ ჩვენი სახე და საქმე "გავაპიაროთ". უბრალოდ, ხალხთან კავშირი, სიახლეების გაცნობა მინდოდა. საერთოდ, ბოლო 

პერიოდში ჩემთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება "ინსტაგრამი" იყო: ჩემთვის საინტერესო სფეროებიდან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი, რადგან ცეკვის სამყარო ამ ქსელში აქტიურადაა ჩართული... ახლა ვცდილობ, სოციალური ქსელები სხვა მხრივაც შევისწავლო და გამოვიყენო...ყოველდღიურად ასე არ ვგეგმავ, თუმცა, მაგალითად, თუ ჩვენი სტუდიისთვის, რეკლამის სახით, ვიდეოს გადაღება გვინდა, რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე ვფიქრობთ. სხვათა შორის, როგორც მასწავლეს, დიდი მნიშვნელობა აქვს, "პოსტს" რომელ საათზე გამოაქვეყნებ. ამიტომ ამას ყურადღებას ვაქცევ, როცა რეკლამის სახით რამეს ვაქვეყნებ. თუკი უბრალოდ, ჩემი ფოტოს "დადება" მსურს, წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან სოციალურ ქსელს იმისთვის არ ვიყენებ, რომ გამიცნონ, როგორც ჯულიანა ბარგნარი. ბევრს ვიცნობ, ვინც ქსელს საზოგადოებისთვის თავის გასაცნობად იყენებს. უბრალოდ, ჩემთვის ეს ცოტათი დამღლელია - ჩემი ცხოვრების რეჟიმს საერთოდ არ შეესაბამება: ფიქრებით მთლიანად სოციალურ ქსელზე უნდა "გადავერთო" და ვირტუალურ სამყაროში ვიცხოვრო, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ყველაფერს ერთდროულად, ძალიან წარმატებით ასრულებენ. მათ გვერდებზე შესვლა ძალიან მსიამოვნებს, რადგან საინტერესო "პოსტებს" ვკითხულობ, ინფორმაციებს ვიღებ... ვიცი, რომ მათ მხოლოდ ვირტუალური ცხოვრება არა აქვთ - რეალურ სამყაროში აქტიურად ცხოვრებასაც ახერხებენ. ამ თვისების გამომუშავებაც ალბათ შესაძლებელია, როცა ვირტუალურ სამყაროს ისე უყურებ, როგორც დამხმარე ძალას. თუ საჭირო იქნება, დადგება დრო, როცა სოციალურ ქსელში მაქსიმალურ რესურსს გამოვიყენებ",- განაცხადა ჯულიანა ბარგნარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე