სტილი
(12.07.2021)

22 წლის ასაკში ავთო გვასალია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ამავე არხზე დილის გადაცემის წამყვანის ამპლუა ჰქონდა მორგებული, უფრო ადრე კი „ერთსულოვნების“ მაყურებლისთვის მუშაობდა სხვადასხვა ამპლუაში.

"ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ძალიან გამიხარდა, რადგან, ვგრძნობდი, რომ სიახლეების დრო იყო. გადაწყვეტილების მისაღებად მაინცდამაინც დიდხანს არ მიფიქრია და კმაყოფილი ვარ, რომ დავთანხმდი. რთული, მაგრამ საინტერესო გზა ავირჩიე. საინფორმაციო გამოშვებას სულ სხვა რეჟიმით ცხოვრება სჭირდება, აბსოლუტურად განსხვავდება დილის ეთერისგან. აქამდე დილით ხუთ საათზე ვიღვიძებდი და მომდევნო ერთი საათი ჩემი გონება გამოფხიზლებას ცდილობდა. დილის ეთერის ფარგლებში მთლიანად პოზიტივზე იყო ჩემი ტვინი მომართული და ამჯერად, თემებიდან გამომდინარე, პოზიტივის ადგილი ნაკლებად მრჩება...

დილის გადაცემიდან ორი წლის თავზე, იმ დროს ჩამხსნეს, რომ მეგონა, ხუთ საათზე გაღვიძებას შევეჩვიე. თურმე, ტყუილად მივეჩვიე და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ცხრა საათზე უნდა ვიყო სამსახურში, ჯერ კიდევ ხუთ საათზე ვიღვიძებ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ეთერში „გამიღვიძია“. ერთხელ რვის 15 წუთზე გამეღვიძა, ნახევარზე იწყება გადაცემა და 15 წუთში როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში და ვთქვი, დილა მშვიდობისა საქართველო-მეთქი, მართლა არ მახსოვს...

ასაკი ვიზუალურად მაინცდამაინც არ მეტყობოდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ ერთ-ერთ პირველ გადაღებაზე რესპონდენტს ისეთი სისულელე ვკითხე, შემომიბრუნდა და მეკითხება, შენ რამდენი წლის ხარო? ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა და ოპერატორმა გადამარჩინა. უთხრა, 14-ის არის, მაგრამ კარგი ბიჭიაო. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, შემდეგში აღარ დამისვამს სულელური კითხვა..."- განუცხადა ავთო გვასალიამ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე