სტილი
(08.06.2022)

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლემ – მარიტა მელიქიშვილმა მნიშვნელოვანი გამოწვევა მიიღო და თავი წამყვანის ამპლუაში მოსინჯა. გადაცემაში მან ახალბედა დედებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა და მაყურებელს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

"ბევრისგან მსმენია, რომ ქალს დრო სჭირდება დედობის გასაცნობიერებლად და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობამ მარტივად ჩაიარა, მშობიარობის შემდეგი პერიოდი ძალიან რთული აღმოჩნდა. ბავშვი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ლაქტაციის დროს კი, როგორც იცით, პირველი პერიოდი, მკერდი გტკივა, რასაც ემატება საშვილოსნოს შეკუმშვით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილებთან გამკლავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მეგონა, ეს არასდროს დამთავრდებოდა, ვფიქრობდი, რომ სულ ამ ტკივილით მომიწევდა ცხოვრება. ამ ტკივილების გამო ერთი თვის განმავლობაში ბავშვის სიყვარულსაც ვერ ვგრძნობდი. ამ მდგომარეობას ისიც ემატება, რომ მანამდე სულ სხვანაირად ცხოვრობ, მერე პატარა ჩნდება, ღამეები აღარ გძინავს, თითქოს საკუთარ თავსაც ვეღარ უვლი და ყველაფერთან ერთად შეგუება ძალიან რთულია. მერე ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი და ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. მე ამისთვის, დაახლოებით, ერთი თვე დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები სამი თვე გაგრძელდა, ერთ თვეში უკვე გავაცნობიერე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გაჩნდა და ეს ნამდვილი სასწაული იყო. ერთი თვის შემდეგ უკვე მინდოდა, ყველაფერს დამოუკიდებლად გავმკლავებოდი. სიმართლე გითხრათ, მინდა გალასთან სულ მე ვიყო. ბავშვთან მიმართებაში მარტო საკუთარ თავსა და გიორგის ვენდობი. დედაჩემს, რუსიკოს ან რაჟიკოს რომ უჭირავთ ხელში, მგონია, რომ ბავშვს ვენატრები და განვიცდი...

ძალიან რთული იყო და ამ პროცესში გიორგი ძალიან მეხმარებოდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო, ყველა დეტალი წინასწარ მცოდნოდა, გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერს ბუნებრივად მივყოლოდი. მაგრამ ორსულობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია მხვდებოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ამ თემამ „ჩამითრია“. ბევრი რამ წავიკითხე, ინფორმაციულად უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მე ახალ რეალობას შევეჯახე და უსუსური აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დეპრესია მქონდა. ღამე ბავშვს რომ ეძინა, გვერდზე მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა. გალას ვუყურებდი და თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა. გაღიზიანებულიც ვიყავი, ხასიათი უცებ მეცვლებოდა, ვწვებოდი, მაგრამ ვერ ვიძინებდი, რადგან სულ ვშფოთავდი. ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მქონდა. გიორგი რომ შემომხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი, ჩამეხუტებოდა, გამამხნევებდა და მერე მასთან ერთად ყველაფერი მიმარტივდებოდა. ეს მსუბუქი ფორმით ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე აღარ მეტირება და რაც მთავარია, ჩემი შვილის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მანამდე ძალიან მიჭირდა. დღეს ყველა დედას ვეტყვი, რომ ის ნამდვილად გმირია. ქალები ძალიან ბევრს ვუძლებთ, ყველა წინააღმდეგობის გადასალახად ვპოულობთ ძალას. მე ძალა გიორგიში ვიპოვე, ის ამ პროცესში ძალიან დამეხმარა", - გნაუცხადა მარიტა მელიქიშვილმა "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე