სტილი
(09.04.2024)

მშობლიური სოფლის სიყვარულმა გიორგი სუხიტაშვილს კარგი ამბები წამოაწყებინა - გადაწყვიტა, თავის მიწაზე „სუხიტას ბაღი" გააშენოს, მალე „ზღაპრის სახლიც" დასრულდება და პროცესი, რომელიც მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნოა, ბევრ კარგ შედეგს მოიტანს.

"სუხიტას ბაღის" შექმნის იდეა ოთხი წლის წინ გამიჩნდა, მაშინ, როცა ჩემს ნაკვეთში პირველად დავრგე სამი მუხის და სამი ნეკერჩხლის ნერგი. ყოველთვის მინდოდა, ამ ადგილას პატარა სახლი მქონოდა თუმცა, ეს ძალიან შორეული პერსპექტივა მეგონა. მართლა არ მეგონა, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ დღეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ვფიქრობდი, უკვე სახლი დგას. ვიღაცის საზომით, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ საკუთარი სურვილი სისრულეში მოვიყვანე. პაპაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ამ ტერიტორიის განახლება გადავწყვიტე, მინდოდა, აქაურობასთან მომავალშიც ყოველდღიური შეხება მქონოდა. ასეც მოხდა, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს იქ ვარ.

ბებოს გარდაცვალების შემდეგ, სანამ პაპა ცოცხალი იყო, თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდიოდი მასთან და ეს დამეხმარა. იმდენად მივეჩვიე ამ გზას, რომ ჩემთვის შორი აღარ არის. უხეშად რომ დავთვალოთ, ჯამში, 200 კილომეტრის გავლა მიწევს ორივე გზაზე. მთავარი მოტივაცია და იმ ადგილის სიყვარულია, საიდანაც ხარ. მე ჩემი ბავშვობის, წინაპრებისა და მიწის სიყვარული მეხმარება. შეიძლება, ეს ბევრისთვის სადღეგრძელოსავით ჟღერს და რომ მეთქვა და არაფერი გამეკეთებინა, მართლა სადღეგრძელოდ დარჩებოდა, მაგრამ ვინც ბოლო წლებში ოდნავ მაინც ადევნებდა თვალს ჩემს ცხოვრებას, დარწმუნებული იქნება, რომ ჩემთვის ეს მხოლოდ სადღეგრძელო ნამდვილად არ არის. ყოველ მეორე დღეს ამ გზას გავდიოდი და გავდივარ იმიტომ, რომ ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს. სირთულე და სიზარმაცე მაშინ მოდის წინა პლანზე, როცა კონკრეტულ ადგილთან ემოციური ბმა არ გაქვს. თუ ადგილი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეგ ვერ შეგაჩერებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარგ ადამიანებთან უნდა იურთიერთო. ვგულისხმობ ჯგუფს, ვინც ამ სახლზე იმუშავა და მუშაობს. ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს დავუკავშირდებოდი, იყო ბევრი ტყუილი, ბევრი შემოთავაზებაც მქონდა, არაერთი კომპანია დაინტერესდა „სუხიტას ბაღით", უნდოდათ, რეკლამა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორც ხდება ხოლმე, ყველა მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ინტერესები გაატაროს და ამ პროცესში შენი ინტერესი იკარგება. მომიწია სრული ტვირთი საკუთარ თავზე ამეღო და შესაბამისი ადამიანები მეპოვა. მომავალში ბევრ ადამიანს და კომპანიას გადავუხდი მადლობას ამ საქმეში მცირე წვლილის შეტანისთვის. ყველა ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, ასეთ ამბავში მონაწილეობის მიღება და ეს მახარებს. შეიძლება, დღეს მე სხვისთვის მოტივატორი აღმოვჩნდე, მაგრამ მე თვითონ ასეთი არავინ მყოლია. ჩვენთან, რეგიონში არც ხის სახლი აუშენებია ვინმეს და არც ასეთი ინტენსიური კავშირი აქვს ქალაქიდან სოფელთან. ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მართლა არავინ ვიცი, ვინც ქალაქიდან სოფელში ყოველ მეორე დღე დადის. შეიძლება, არსებობს კიდეც ასეთი ადამიანი, მაგრამ მე არ შემხვედრია. ამიტომ, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ეს ქმედება, თუნდაც ერთი ადამიანისთვის გახდება მოტივაცია.

თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ბევრი წლის შემდეგ, ეს ყოფილიყო განსხვავებულად გამწვანებული ბაღი და დღემდე ეს სურვილი მამოძრავებს. ხეები არალოგიკურად მაქვს დარგული, თან ძალიან ბევრნაირი, მინდა, მრავალფეროვნება იგრძნობოდეს. მინდა, წლების შემდეგ, აქ ბევრი ჩიტი იყოს, ბევრი სიმწვანე, ჩრდილი და ჟრიამული. მინდა, როცა მე აღარ ვიქნები, „სუხიტას ბაღი" დარჩეს და იცოდნენ მის შესახებ." - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე